აფნისი
აფნისი – (ინგლ. Apnisi; რუს. Апниси), სოფელი და ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, ქ. ქარელიდან 3 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 760 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – დაბალი მთის, სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,7°C. ზაფხული თბილია და ხანგრძლივი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,2°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 630 მმ.
აფნისის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი და სხვ.) და ვენახებით, ხოლო მისი მიდამოები შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით.
აფნისის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M-1,0-1,2 გ/დმ3) ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება აფნისის მიდამოებში; დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
აფნისის სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და პასიური კლიმატოთერაპია.
სავარაუდო ჩვენებები აფნისში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, შარდსადენი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის დაავადებები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.