აქსუ
აქსუ – (ინგლ. Aksu, რუს. Ак-Суу), მთის ბალნეო-კლიმატური კურორტი ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, აქსუს რაიონში, ქ. ყარაქოლიდან 16 კმ-ში, აღმოსავლეთით, ხოლო ქ. ფიშფექიდან 449 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ცენტრალურ ტიან-შანში, თერსქეი-ალათაუს ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე აქსუს ხეობაში, ზღვის დონიდან 1950 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია და ხანგრძლივი, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -70C. ზაფხული გრილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 60%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 500 მმ-ს. წვიმები უფრო ხშირია ზაფხულ-შემოდგომაზე. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ 1800 საათია წელიწადში. გაბატონებულია მთა-ბარის ქარები.
აქსუს ტერიტორიაზე გავრცელებულია ტიან-შანის ნაძვი. კურორტის მიდამოებში არსებული მთების კალთები და მდინარე აქსუს ნაპირები დაფარულია: ტიან-შანის ნაძვნარითა და ტუიინარით; კოწახურის, ასკილის, ცირცელისა და მოცხარის რაყებით; ვაციწვერისა და აბზინდის ბუჩქებით. მდინარე აქსუს ნაპირებზე გავრცელებულია აგრეთვე ტირიფი.
აქსუს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის თერმული (t – 60°C-მდე), რადონული (რადიოაქტივობა – 6-7 ნკი/დმ3), აზოტიანი, სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს კაჟმჟავას, ფტორსა და თავისუფალ გოგირდწყალბადს; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
აქსუს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაციები და შესხურებები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აქსუში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ აქსუს მიდამოებში (ისიკ-ქოლის ნაკრძალი; ტიოპლი კლიუჩის ზოოლოგიური ნაკრძალი; აქსუს კედელი; ტბები – ისიკ-ქოლი, ალა-ქოლი, ზემო, შუა და ქვემო; ჩანჩქერები – აქსუ, შარ-ქირათმა, თაშ-თექტირი, ქულდურექი, ბარსქოონი და მდინარე კაშკა-სუს (მდინარე აქსუს მარჯვენა შენაკადი) ზემო წელში; მდინარეები კაშკა-სუს, სარი-ჯაზის, ჯეტ- ოღუზის, აქსუს და არაშანის ხეობები; მორენულ-მყინვარული ტბა მდინარე კაშკა-სუს ხეობაში; კიდირ აკას მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სხვ.)