აშარი მარსელ
აშარი მარსელ - (ფრ. ACHARD MARCEL). ნამდვილი სახელი და გვარია ავგუსტინ ფერეოლი, Marcel Augustin Ferreol. XX საუკუნის ფრანგი კომედიოგრაფი, საფრანგეთის აკადემიის წევრი.
ბიოგრაფია
მარსელ აშარი დაიბადა 1899 წელს სოფელ სენტ-ფუა ლე ლეონში, ქალაქ ლიონის მახლობლად, გლეხის ოჯახში. მან დიდი გაჭირვებით მიიღო განათლება და მალევე სოფლის სკოლის მასწავლებელი გახდა. სკოლაში მასწავლებლად მან სამი წელი დაჰყო (1916-1919 წწ.).
პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე აშარი პარიზს მიემგზავრება, მუშაობას იწყებს სუფლიორად ცნობილ თეატრ ვიე კოლომბიეში; იმავდროულად თანამშრომლობს მიმომხილველად პარიზის რამდენიმე გაზეთში.
1923 წელს ცნობილი მსახიობი და რეჟისორი დიულენი დგამს აშარის პირველ პიესას „გინდათ ჩემთან ითამაშოთ?“ („Voulez-vous jouer avec moi“?) აშარი ხდება პროფესიონალი დრამატურგი და კინოსცენარისტი.
კომედია „მთვარიდან ჩამოვარდნილი ჟანი“-ს („Jean de la Lune“) გამოჩენა (1928 წ.) მას ცნობილ მწერლად აქცევს და საფრანგეთის ცნობილ კომედიოგრაფთა რიცხვში მოაქცევს (ამ პიესის მიხედვით ფილმიც გადაიღეს). მომდევნო ათწლეულში მარსელ აშარი წერს მრავალ კომედიას, რომელთა უმრავლესობაც დიდი წარმატებით იდგმება სცენაზე, ზოგჯერ კი ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაშიც კი. განსაკუთრებით ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე ერგო კომედიებს „დონდლო“ – „Patate“ (1957) და „სულელი ქალი“ – „L’Idiote“ (1960).
1959 წელს აშარი არჩეულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად. მის კალამს მიეკუთვნება ოცამდე პიესა და რამდენიმე ათეული კინოსცენარი. მარსელ აშარი გარდაიცვალა 1974 წელს.
„დონდლო“ პირველად სენ ჟორჟის თეატრის სცენაზე დაიდგა 1957 წლის 24 იანვარს ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის პიერ დიუქსის მიერ, რომელმაც მთავარი როლიც შეასრულა.
„სულელი ქალის“ პირველი დადგმა განხორციელდა 1960 წლის 22 სექტემბერს თეატრ ანტუან-ში რეჟისორ ჟან მეიერის მიერ. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა მსახიობ ანი ჟირარდოს, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა.