აშაუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშაუს - აფხ. სისხლის საქმე, სისხლის სამართლის საქმე. აფხაზური სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ტრადიციული ჩვეულებაა, ჩვეულებითი სამართალია, რომელიც ნორმატიულ გამოცდილებას თვალსაჩინოს ხდის. აფხაზურ ენაში ჩვეულება ორი ტერმინი აშცლარა - ჩვეულება, ჩვევა და აწას-ით (ქართ. წესი) აღინიშნება. აფხაზებისათვის ჩვეულება არაბული ადათ სიტყვით გადმოიცემოდა. ეს ტერმინი მათ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოიტანეს. ადათი ანუ ჩვეულება უძველეს საზოგადოებაში წარმოიშვა, მაგრამ მას ძველად იურიდიული ძალა არ ჰქონდა. საქართველოში დასახლებული აფხაზი მიგრანტების ყოფაში გვიან შუა საუკუნეებში იგი სამართლის ნორმად და უფლებად მოგვევლინა. აფხაზთა ადათისა თუ ჩვეულებითი სამართლის მთავარ წყაროს ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი წეს-ჩვეულებები შეადგენდნენ. აქედან ერთ-ერთი სისხლ-მესისხლეობა იყო.„სისხლის საქმე“ სისხლ-მესისხლეობა. უძველესი პრინციპი სისხლ-მესისხლეობის „თვალი თვალისწილ“ ან „კბილი კბილის წილ“ იყო.

აფხაზებში შურისძიება თითქმის XX საუკუნის დასაწყისშიც მეტ-ნაკლებად მოქმედი იყო. აშაუს „სისხლის საქმე“ თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ეთნიკური ჯგუფისათვის მწვავე საკითხს წარმოადგენდა, რადგან მას მძიმე შედეგები მოჰქონდა. შურისძიების აღების ვალდებულება მამიდან შვილზე და ა.შ. გადადიოდა, რომელთა ობიექტები პირველ ყოვლისა, მკვლელი და მისი უახლოესი ნათესავი მამაკაცები იყვნენ. შურისმაძიებლებიც პირველყოვლისა მამა, შვილი, ძმა და ა.შ. უახლოესი ნათესავები ხდებოდნენ. თუ მკვლელის ოჯახს უახლოესი ნათესავი არ ჰყავდა, მაშინ მკვლელობის ობიექტი შორეული ნათესავიც ხდებოდა. მართალია, ამ ინსტიტუტის ძირითადი მონაწილე მხარეები მკვლელისა და დაზარალებულის გვარები იყვნენ, მაგრამ შურისძიების აქტი დედის ძმის უახლოეს ნათესავებსაც ირთავდა. იგი ფიცს დებდა, რომ შურისძიებამდე ოჯახში არ დაბრუნდებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები