აშხვარაავე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშხვარაავე (აშοხοარააჳჷ) - აფხ. მეკობრე. აფხაზების საზოგადოების ნაწილი XVI-XVIII საუკუნეებში ცნობილი იყო მეკობრეების, მოთარეშეების სახელწოდებით. როდესაც XV ს-ის ბოლოს ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა მცირე პოლიტიკურ ერთეულებად, ანაკოფიიდან (დღევანდელი ახალი ათონი) აფხაზეთს ჯიქეთამდე შარვაშიძე ფლობდა, იგი ერთიან ქართულ სამეფოში შედიოდა და დადიანს, სამეგრელო-ოდიშის მთავარს ექვემდებარებოდა. XVI ს-დან ჯიქების თავდასხმებმა დასავლეთ საქართველო ძლიერ შეაწუხა. ოდიშის მთავრები ცდილობდნენ თვითონვე დაელაშქრათ და ამით შეეჩერებინათ მათი თარეში, მაგრამ თარეში არ წდებოდა. საქართველოში ჯიქების შემოჭრა პირველად ზღვის მხრიდან განხორციელდა, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში კი ბზიფის ხეობისა და ფსჰუს ტაფობის გავლითაც ხდებოდა. XVII ს. დასაწყისიდან აფხაზების, ჯიქებისა და სხვ. ჩრდილოეთკავკასიელი მთიელების თავდასხმები ოდიშზე გაძლიერდა. ისინი ძარცვა-გლეჯით, ადამიანთა გატაცებითა და გაყიდვით იყვნენ დაკავებული. იტაცებდნენ საქონელს, ტყვედ მიჰყავდათ ადამიანები, მიჰქონდათ ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ადამიანებს ოსმალებზე ჰყიდდნენ, მოგვიანებით გამოსასყიდის მოთხოვნა დაიწყეს. ჩვეულებრივ, ასეთი დანაშაულები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების დროს ხდებოდა.

ამ ქმედების საწინააღმდეგოდ ოდიშისა და სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ანაკოფიის აღმოსავლეთით ზღვიდამ მთამდე 60 მილის კედელი აღმართა... სამწუხაროდ, ამ მეკობრე მოთარეშეებმა გვიან შუა საუკუნეებში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს ქართველების მიმართ. ოჩამჩირისა და გალის რაიონებში ქართული მოსახლეობა შეამცირეს. ჩრდილოეთ კავკასიაში უძველესი დროიდან დამკვიდრებული მეკობრული თარეშის შედეგად საგვარეულოების, ნათესაური ჯგუფის ლაშქართ მეთაურების დაწინაურება-გაძლიერებას, ძალადობით ქონების მოხვეჭას ან მიწის ხელში ჩაგდებას, საბჭოთა პერიოდში მეცნიერებმა ადრეფეოდალური, მთური ფეოდალიზმი უწოდეს, რომელიც მიჩნეული სოციალური სტრუქტურის განმაპირობებელი გახდა, რაც ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბების პრინციპებს არ შეესაბამებოდა. იგი სამხედრო დემოკრატიის სახელწოდებით დამკვიდრებული საფეხურის შინაარსს უფრო შეეფერებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები