აჩი-ბაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჩი-ბაბა – მეგრული სანახაობითი წარმოდგენა. „დათვობიას“, „მურყვამობისა“ და „ფადიკოს“ მსგავსად, აჩი-ბაბა შვილიერების (ნაყოფიერების) მფარველი ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი სადიდებელი მისტერიის ნაშთად ითვლება.

მინდორში, წარმოდგენის ადგილზე, ფოთლებით გადახურულ ხის ფაცხას დგამდნენ. ფაცხაში მასპინძელი იყო. კარს მოადგებოდა „ცხენზე ამხედრებული“ აჩი-ბაბა, რომელსაც ხელში ძაღლის ლეკვი ეკავა (ცხენის როლს ცხენის ნიღბოსანი მამაკაცი ასრულებდა). „მეკარე“ მის მოახლოებას იტყობინებოდა – „აჩი-ბაბა კარსაო, გაუფრთხილდი თავსაო“... აჩი-ბაბას მასპინძელი კარავში შეიპატიჟებდა. იქ სიმღერა და თამაშობა იმართებოდა. აჩი-ბაბას გასართობად ქალს მიჰგვრიდნენ. მას ქალი გარეთ გამოჰყავდა, ეტრფიალებოდა, ეალერსებოდა. ქალი გაექცეოდა, აჩი-ბაბა დაედევნებოდა. უეცრად „ქალი“ ტანსაცმელს იშორებდა და აჩი-ბაბას ხელთ ვაჟი შერჩებოდა. აჩი-ბაბა „ცხენს მოახტებოდა და გაქუსლავდა. „ცხენი“ მას ხრამში გადაჩეხავდა. დასასრულს, მოთამაშენი ხრამში დაღუპულ აჩი-ბაბას დატირებას გაითამაშებდნენ. გუნდი ზრუნით მოთქვამდა: „ეს ბატონი, რა ბატონი, საით გაუწევიაო“...

დ. ჯანელიძე


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები