აწგარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აწგარა – (ინგლ. Atsgara, რუს, Ацгара), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ქ. სოხუმიდან 90 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე აწგარის (მდინარე ჩხალთის) (მდინარე კოდორის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1500- 1600 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – შუა მთის ზედა სარტყლის, ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5,5°C.ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 15,8°C.ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1600 მმ-ს.

აწგარის მიდამოების ტერიტორია დაფარულია წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებით.

აწგარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ნახშირმჟავა, რკინიანი მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება საკურორტო ადგილის მიდამოებში, მდინარე აწგარის ხეობაში, და შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა.

აღნიშნულ მინერალურ წყლებს აქვს 4 გამოსავალი. ერთი გამოსავლის წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-1,3 გ/დმ3) ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი. მეორე გამოსავლის წყალი სუსტი მინერალიზაციის (M-0,5 გ/დმ3) ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალია. მესამე გამოსავლის წყალი არის სუსტი მინერალი- ზაციის (M-1,9 გ/დმ3) ნახშირმჟავა, რკინიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, ხოლო მეოთხე გამოსავლის – სუსტი მინერალიზაციის (M-1,1 გ/დმ3) ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდრო-კარბონატული, მაგნიუმიან-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი.

აწგარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და პასიური კლიმატოთერაპია.

სავარაუდო ჩვენებები აწგარაში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდგამომყოფი გზების პათოლოგიები; ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი და რკინადეფიციტური ანემია; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები