ახალაია მარიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალაია მარიკა – (1980), ქართველი პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი. ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ლექსი (აფხაზეთზე) გამოაქვეყნა ჟურნალ „იალქანში”. გამოქვეყნებული აქვს ლექსები ჟურნალ „ცისკარში”, გაზეთებში – „დიოსკურია” და „ლიტერატურული საქართველო”, თანამედროვე პოეზიის მრავალტომეულში – „მზის არილი”.
- * * *
- ვინ თქვა, რომ დრო კურნავს,
- ან თუნდაც აყუჩებს,
- ტკივილებს გაჩენილს, ჩაკირულს ფენებად.
- თევზივით გავბერავთ, უსიტყვოდ, ლაყუჩებს
- და ვითმენთ ბოლომდე, ვიდრე გათენდება...
- მოგონილ სილაღით გავდივართ ეკლიან
- გზებსა და ბილიკებს თითქოს არ ვნებდებით.
- დაგროვილ ტკივილზე თვალები გვეტყვიან,
- როცა გავყუჩდებით, როცა შევჩერდებით.
- იქნება გვიანი, როდესაც მივხვდებით —
- ტკივილი არ მიდის და აღარც ნელდება...
- ცოტათი ვმშვიდდებით და მერე ვნებდებით...
- სანამ გათენდება... სანამ გათენდება...