ახალდაბა (დაბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალდაბა – დაბა (1965 წლიდან) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, მდინარე ნეძვისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 730-870 მ სიმაღლეზე, ბორჯომიდან 18 კმ მანძილზე. დაბაში არის რკინიგზის სადგური, დაბალმთიანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 2.2 ათ. კაცი (2014).

სახელწოდება ახალდაბა მომდინარეობს სიტყვა „დაბა”-საგან. ძველად დაბა დასახლებული პუნქტის, სოფლის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ამიტომ „ახალდაბა” ნიშნავს „ახალ სოფელს”. ამ სიტყვისაგან მრავალი ტოპონიმია წარმოქმნილი საქართველოში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც – ახალდაბა, დაბაძველის პლატო (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). ამჟამად დაბა ქალაქის ტიპის დასახლების აღმნიშვნელია.

წყაროებში პირველად იხსენიება XII საუკუნეში. მცირე ქალაქი ყოფილა, მაგრამ მოხერხებული მდებარეობის გამო, მას დიდი სავაჭრო მნიშვნელობა ჰქონდა. შემორჩენილია ციხე (რამდენჯერმე გადაკეთებული. გალავნის შიგნით ციტადელია, კედლებში ჩართული რამდენიმე კოშკით), ხიდი (მდ. მტკვარზე. შემორჩენილია მხოლოდ ბურჯები), კოშკი (XVIII ს., აგებული ხიდის დაცვის მიზნით. გადარჩენილია მხოლოდ 4 საფეხური). ახალდაბაში არის რამდენიმე ეკლესია: იოანე ნათლისმცემლის (XIX-XX სს.), მარიამ ღვთისმშობლის, წმ. გიორგის სახელობის. ადგილობრივების ძალისხმევით, ძეგლები რესტავრირებულია.

1260 წელს წელს ქვიშხეთისა (ხაშურის მუნიციპალიტეტი) და ახალდაბის (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) სიახლოვეს გაიმართა ბრძოლა მონღოლებსა და ქართველებს შორის, რომელიც ისტორიაში ქვიშხეთის ბრძოლის სახელითაა ცნობილი.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები