ახალი მიწა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი მიწა – კუნძულთა ჯგუფია, რომელიც მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში ბარენცისა და კარის ზღვებს შორის, არქტიკულ და სუბარქტიკულ სარტყლებში. შედგება ორი კუნძულისაგან (ჩრდილოეთი და სამხრეთი), რომელთაც ჰყოფს ვიწრო (2-3 კმ) მატოჩკინ შარის სრუტე მთელი რიგი პატარა კუნძულებისაგან. კუნძულ ვაიგაჩისაგან გამოყოფილია კარის ჭიშკრის სრუტით. კუნძულთა ჯამური ფართობი შეადგენს 81,6 ათას კმ2-ს. რეგიონის ტერიტორია ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკას. კუნძულები სუბმერიდიანულად გადაჭიმულია 1000 კმ-ზე, ხოლო სიგანე 40-110 კმ-ის ფარგლებში იცვლება.

სარჩევი

რელიეფი

რეგიონის დიდი ნაწილი მთებს უკავია, რომელიც ტექტონიკურად ურალის გაგრძელებას წარმოადგენს, მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 1547 მ. პერიფერიული ნაწილი უკავია ბორცვიან ვაკე-დაბლობებს, რომელიც მაქსიმალურ სიგანეს აღწევს სამხრეთ კუნძულის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.

ახალი მიწა პოლარულ ურალთან ერთად ქმნიდა ქვედა მეოთხეული გამყინვარების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს. ზედაპირის დაახლოებით მეოთხედი (უმთავრესად ჩრდ. კუნძულის შიდა ნაწილი) კონტინენტური (ზეწრული) ყინულითაა დაფარული. კუნძულების სანაპირო დანაწევრებულია ვიწრო და ღრმა ფიორდებით. განსაკუთრებით თვალწარმტაც ფიორდს წარმოადგენს მატოჩკინ შარის სრუტე.

ჰავა

ჰავა ჩრდილოეთ კუნძულზე არქტიკული ზღვიურია, მკაცრი, სამხრეთ კუნძულზე − სუბარქტიკული. დას. მხარეზე სუსტად, მაგრამ მაინც იგრძნობა ჩრდილოატლანტური თბილი დინების გავლენა. დამახასიათებელია ძლიერ ღრუბლიანი, ნისლიანი, ნესტიანი ამინდები, ხშირი და ძლიერი ადგილობრივი ქარებით (ახალი მიწის ბორა). შედარებით თბილ ბარენცის ზღვასა და ცივ კარის ზღვას შორის მდებარეობა განსაზღვრავს ამინდების არამდგრადობას და ძლიერ ქარებს. უცივესი თვის საშუალო ტემპერატურა სამხრეთ კუნძულის დას. მხარეზე და ჩრდილოეთი კუნძულის სამხ-დას. პერიფერიაზე მინუს 16°, ხოლო დანარჩენ ნაწილში მინუს 22°-ია, უთბილესი თვის – სამხ. კუნძულზე პლუს 6,4°, ჩრდ. კუნძულზე პლუს 2,2°, ხოლო მყინვარულ ფარზე, 800მ სიმაღლეზე მინუს 1,3°. ნალექების წლიური რაოდენობა დას. სანაპირო ვაკეზე და ქარპირა კალთებზე 300 მმ-ს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთისაკენ 150მმ-მდე კლებულობს.

ფლორა და ფაუნა

ჩრდილო კუნძულის ძირითადი ნაწილი უკავია ყინულოვან უდაბნოს, ხოლო ყინულისაგან თავისუფალი ტერიტორია – არქტიკულ ტუნდრას. სამხრეთ კუნძულის უმეტესი ნაწილი უკავია ტიპურ ტუნდრას და ტყე-ტუნდრას. ცხოველებიდან გვხვდება ლემინგი, ყარსაღი, თეთრი დათვი. ზაფხულობით მომფრენი ფრინველების მრავალრიცხოვანი გუნდები ქმნიან ე.წ. "ფრინველთა ბაზრებს”. სანაპირო წყლებში ბინადრობს სელაპი, მორჟი და თევზების სარეწაო სახეობები.

წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები