ახვლედიანი ერლომ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახვლედიანი ერლომ – (1933 – 2012), მწერალი, პოეტი, სცენარისტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1957 წელს და უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში 1964 წელს. მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად (1959-1960), საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში მხატვრული ტელეფილმების უფროს რედაქტორად (1967-1968), იყო სტუდია „ქართულ ფილმთან” არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971- 1972), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-1987), თეატრალური ინსტიტუტის სასცენო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-1987, 1995-1999). მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე. არის ათეულობით ფილმის სცენარის ავტორი.
- საღამო
- როგორ დამღალა ხეტიალმა,
- ფიქრმა, წუხილმა.
- როგორ დამღალა ყველა სურვილმა.
- ვდგავარ და ვხედავ.
- როგორ მიდის ნისლში წარსული
- ეს დღეც მას გაჰყვა
- (რა უბრალოდ მიდიან დღენი...).
- წავიჩოქები მე ჩემს წინაშე:
- რას მოველოდი ამა სოფლად,
- რას მოველოდი?!
- ნუთუ ეს იყო ყველაფერი,
- ნუთუ ეს იყო?!
- ნუთუ ამისთვის დავიბადე,
- ნუთუ ამისთვის?!
- ვიდგე და ვჭვრეტდე, როგორ მიდის
- ნისლში წარსული?
- ეს დღეც გავიდა...