ახვლედიანი ვახტანგ (მწერალი)
ვახტანგ ახვლედიანი – ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, დაიბადა მახინჯაურში. მახინჯაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი ფილოლოგიური განათლება (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
მუშაობდა პროზაში, პოეზიაში, დრამატურგიაში, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. გამოცემული აქვს წიგნები: „ჟამი სიყვარულისა“, „ფერისცვალება“ (1975), „ლალი ქვარიანის შეცდომა“ (1977), „მოტაცება“, „ბერიკაცები" (1980), „ორი დიდი დღე“ (1982), „ბიჭი და გედი“ (საბავშვო კრებული, 1994), „გზაწვრილებით“ (2002), „ორტომეული“ (2004) და სხვ.
თარგმნა XX საუკუნის ბულგარული ლიტერატურის კლასიკოსის – ნიკოლა ვაპცაროვის ლექსები, ბორის კალაიჯევის, იერონიმას დაუციუსის შემოქმედების ცალკეული ნიმუშები. ნაყოფიერად მუშაობდა საბავშვო ჟანრში. საბავშვო პიესა – „მეგობრობის ძალა“ – დაიდგა ბათუმის თოჯინების თეატრის სცენაზე.
ვახტანგ ახვლედიანის შემოქმედება თარგმნილია ბულგარულ, ლიტვურ, სომხურ, თურქმენულ, ტაჯიკურ, ფინურ, სლოვაკურ, რუსულ ენებზე.
ვახტანგ ახვლედიანი წლების მანძილზე არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის გამგეობის წევრად. ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. იგი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იყო აჭარაში ჩამოყალიბებული ორგანიზაციის („სახალხო კრება“) ხელმძღვანელი.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: პედაგოგად, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ საწარმოო განყოფილების გამგედ, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ „ადჟარიას“ რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად, აჭარის ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო დეპარტამენტის, აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის, ქართული ენის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.
მინიჭებული ჰქონდა აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. ასევე მინიჭებული ჰქონდა აბუსერისძე ტბელისა და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, ბულგარეთ-საბჭოთა კავშირის მეგობრობის ოქროს მედლით (1980) და საერთაშორისო ჟურნალ „ჰაიოს-ქართლოსის“ ვერცხლის მედლით (1989).
დაკრძალულია აჭარის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მწერლის გარდაცვალების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „2011 წლის 26 მაისი. ენა, მამული, სარწმუნოება“ დააწესა ვახტანგ ახვლედიანის სახელობის სიგელი – „სამართლიანობისათვის მებრძოლს“.