ახინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახინ-ი (ადიღ. Ахын) – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი ანთროპომორფული ღვთაება აფხაზურ-ადიღურ ეთნოლინგვისტურ ჯგუფში შემავალი ხალხების (აფხაზების, აბაზების, უბიხებისა და ადიღების) მითოლოგიაში.

უბიხები, რომელთა საცხოვრის ტერიტორიაზე, კერძოდ, მდ. შახეს ზემო წელში ახინის სახელობის კორომი მდებარეობდა, მას თავიანთ პირველწინაპრადაც კი მიიჩნევდნენ, ხოლო აბძახები ახინს მეომრად, მათი მიწაწყლისა და საქონლის დამცველად თვლიდნენ და ეთაყვანებოდნენ, როგორც გმირს. აბძახური გადმოცემის თანახმად, ახინი დამპყრობთა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა და იგი მდ. ბელაიას ნაპირზე მდებარე მაიკოპის წმინდა კორომში დაკრძალეს; ამიტომაც ხალხმა ეს კორომი საკულტო ადგილად და უხუცესთა საბჭოს, ხასას, შეკრების ადგილად აქცია. შაფსიღური თქმულების მიხედვით, ახინი ძლიერი და მდიდარი მეჯოგეა, რომელიც 100 საჟენის სიგრძის რკინისწვერიანი არგნის მეშვეობით მთიდან მთას ახტება (შდრ. აბრსკილი); იგი ერთი კვირა ფხიზლობს და ერთ კვირას ძილში ატარებს.

მიუხედავად ანთროპომორფულობისა, ახინს გააჩნია აშკარად გამოკვეთილი ზოომორფული ნიშანი – ორად გაყოფილი ჩლიქი, რაც მის თავდაპირველ ბუნებაზე მიუთითებს. უფრო მეტიც, ახინი ხშირად გაიგივებულია მისთვის განკუთვნილ ძროხასთა/ხართან, რომელიც სამსხვერპლო ადგილზე თავად მიდის [აქედანაა სამსხვერპლო ცხოველის სახელწოდება „ახინის თვითმავალი ძროხა“ (Ахынэ и гэмлъэрыкIу)].

აღნიშნული ეხმიანება ძველქართულ რწმენას, რომლის თანახმად ილორისა და მოქვის ტაძრებში გიორგობის ნოემბრის დღესასწაულისათვის სამსხვერპლო ხარი წმ. გიორგის მიჰყავდა, რაც, თავის მხრივ, სალოცავში წარმართული ზოომორფული ღვთაების მოსვლის შესახებ არქაულ წარმოდგენებს უკავშირდება.


ლიტერატურა

  • Люлье Л. Я. Черкессия. Историко-этнографические статьи // Материалы для истории черкесского народа. Краснодар, 1927;
  • Дубровин Н. Черкесы (адыге) // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Хан-Гирей. Записки о Черкесии. Нальчик, 1978;
  • მისივე, Черкесские предания // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Труды института этнолграфии. Новая серия. Т. LI. Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. М., 1959;
  • Шортанов А. Т. Адыгская мифология. Нальчик, 1982;
  • Шиллинг Е. Черкесы // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Патейпа Н. С. Избранное (Статьи, рассказы, стихи). Сухуми, 1978;
  • Мижаев М. И. Ахын // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Азаматова М.-К. З. Культ божеств, магические обряды в раннекласовом обществе и трансформация их через религии христианства и ислама // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Зухба С. Л., Малия Е. М. Ахын – покровитель крупного рогатого скота в абзазско-адыгской мифологии // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: филология и искусствоведение. 2007. Вып. 2;
  • G. Dumezil. La langue de Oubyhs. Paris, 1931.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები