ახობაძე დომენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დომენტი ახობაძე

ახობაძე დომენტი – (1919 - 1987), ქართველი პოეტი, დაიბადა სოფელ მთისძირში (ვანი); 1938 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1955 წელს კი – ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1941–1945 წლებში იყო ვანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი, 1952–1954 წლებში – მთავლიტის ქუთაისის განყოფილების თანამშრომელი. იყო საავტომობილო ქარხნის მრავალტირაჟიანი ქარხნის რედაქტორი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ახალგაზრდა მწერალთა სექციას. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1938 წლიდან. ლექსების პირველი წიგნი „ჩემი მისამართი” გამოაქვეყნა 1957 წელს. გამოცემული აქვს კრებულები: „გულით დანახული ქვეყანა” (1967), „სუროსფერი ნატერფალი” (1973), „შემოდგომაზე ქარი ფოთოლს სულ არ სჭირდება” (1987), „უკანასკნელი ბარათი”, (1989). განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა ებრაელ ლიტერატორ ბორის გაპონოვთან, დიდი წვლილი შეიტანა გაპონოვის მიერ ებრაულ ენაზე რუსთველის ვეფხისტყაოსნის თარგმნასა და გამოქვეყნებაში. დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.


* * *
მე შენ სიყვარულს აგიხსნი, მაგრამ
სულერთი არის, ვერ შემიყვარებ
და ეს მიხვედრა იმგვარად მტანჯავს,
როგორც დუმილი ძველ ნაციხარებს.
კვლავინდებურად რომ ვიწვი, მენდე,
ეჭვის ეშმაკი რქით მეჭიდება;
რატომ ვერ შევძელ, ვერ მიგახვედრე,
სიყვარულს ახსნა რომ არ სჭირდება...
ერთხელაც სადმე შეგხვდები გზაში,
გეტყვი: – არა ვარ სიტყვით ღარიბი! –
და ეს მოხდება, ძვირფასო, მაშინ,
როდესაც უკვე არ მეყვარები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები