ახუმიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახუმიდა (ადიღ. Ахумыдэ) – ადიღურ ნართულ თქმულებათა პერსონაჟი, ნართი ემიზაღოს ასული, ამაყი მზეთუნახავი, რომლის ცოლად შერთვას ცნობილი ნართი გმირები ამაოდ ცდილობენ. ახუმიდა სხვა ნართი ქალებისაგან განსხვავებით, გოლიათური ძალ-ღონით არ გამოირჩევა და, შესაბამისად, ნართების ცხოვრებაში აქტიურ როლს არ თამაშობს. მითის თანახმად, მან მოკლა ჲემიში და მისი ხორცი (სხვა ვარიანტით, ისარი) ხელის მთხოვნელების საჩვენებლად გამოფინა და ამ უკანასკნელებს ამოცანა დაუსახა: ვინც მასში ჲემიშს ამოიცნობდა, ცოლად მას გაჰყვებოდა. ახუმიდასგან დაწუნებულ განრისხებულ აშამეზს თავისი ჯადოსნური სალამური ქალიშვილის სახლში დარჩა. ურჩხულმა ბლაღომ იგი ახუმიდასთან ერთად გაიტაცა. უკრავდა რა სალამურის შავი ბოლოთი, ბლაღო გვალვას იწვევდა, რის გამოც ნართების მიწაზე ყოველგვარი სიკეთე ნადგურდებოდა. ქალისა და სალამურის ძებნაში, ნართებმა, რომელთა შორის აშამეზიც იყო, თავიანთი რკინის ფეხსაცმელი გაცვითეს, მაგრამ ბლაღოს ადგილ-სამყოფელი ვერ აღმოაჩინეს. ბოლოს, მტრედების დახმარებით, მიადგნენ ქვესკნელის მეშვიდე დონეზე მდებარე ბლაღოს ციხე-სიმაგრეს, მოკლეს იგი, ახუმიდა გაანთავისუფლეს და სალამურიც დაიბრუნეს. აშამეზმა როგორც კი სალამურის თეთრი ბოლო აახმოვანა, ნართების ქვეყანა კვლავ გამოცოცხლდა. ახუმიდამ აშამეზის მამაცობა, გონიერება და კეთილშობილება შეიცნო და მას ცოლად გაჰყვა.


ლიტერატურა

  • Мижаев М. И. Ахумида // Мифы народов мира. Т. I. М., 1982;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэ-хэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები