ახქერფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახქერფი – (Akherpi, Ахкерпи), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეულიდან 60 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ლოქის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ახქერფის (მდინარე ბოლნისისწყლის შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1010-1040 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.

დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის№655 ბრძანებულებით.

ჰავა – საშუალო მთის ქვედა სარტყლის, შეხამებული ველის ჰავასთან. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,9°C. ზაფხული ხანგრძლივია და გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 19,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 71%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა − 550 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისზე, ხოლო მინიმუმი − იანვარზე.

ახქერფსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი. ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება წიფლნარი. უხვადაა ხვიარა მცენარეები: კატაბარდა, ღვედკეცი, ეკალღიჭი და სხვ. ქვეტყეში არის: ქაცვი, კუნელი, იალღუნი და სხვ.

ახქერფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მინერალური წყლები; მდინარე ახქერფის წყალი საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული შუა მთის ჰაერი. ახქერფსა და მის მიდამებში მოიპოვება მინერალური წყლების 4 გამოსავალი. ერთი გამოსავლის წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-2,48 გ/დმ3) ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი. მეორე გამოსავლის წყალი სუსტი მინერალიზაციის (M-2,91 გ/დმ3) სულფატურ-ჰიდროკარ- ბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალია. მესამე და მეოთხე გამოსავლების წყლები სუსტი მინერალიზაციის (M-1,2-1,7 გ/დმ3) ჰიდროკარბონატულ-სულფატური, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლებია.

ახქერფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლების პერორალური მიღება (დალევა) და კუჭ-ნაწლავის გამორეცხვები ამ წყლებით; ბანაობა მდინარეში; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ახქერფში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული და ცენტრალური ნერვული სისტემების ფუნქციური დარღვევები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები