აჯიაშვილი ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯემალ აჯიაშვილი

აჯიაშვილი ჯემალ – (1944 – 2013), მწერალი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა დაბა სენაკში. 1967 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანისტიკის განყოფილება; პირველი ლექსები 1961-62 წლებში გამოაქვეყნა. 1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. 1979 წელს გამოიცა მის მიერ თარგმნილი „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია”. შემდგომ წლებში მან თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები. კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა მის მიერ ნათარგმნი კარლო გოცის პოემა-ზღაპარი „ცისფერი უკუნეთი”, იაპონელი დრამატურგის მონძაემონ ჩიკამაცუს დრამატული პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა კუნძულის ზეციურ ბაგეზე”. ჯემალ აჯიაშვილმა ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას უძღვნა ისტორიული ესე „გამოიღვიძე ქნარო!” – პიესა-მონოლოგი, რომელიც კოტე მახარაძემ დადგა ერთი მსახიობის თეატრში. მას, როგორც პოეტს, აქვს ბევრი საკუთარი ლექსიც და ცალკე წიგნად გამოცემული „სონეტები“. დაკრძალულია ისრაელში.

ჯემალ აჯიაშვილის თარგმანები:

შემუელ ჰანაგიდი:
იოსებისადმი (ფრაგმენტი)
მადლი აღმითქვამს, დამბადებელო,
ამ უჩვეულო წყალობისათვის...
ცის დასავალთან მოდგა დაისი,
კვლავ აღმოენთო
საღამოის უტყვი მშვენება...
ხმა მესიტყვება ადონაისი
თუ ანგელოსი მესიმღერება?
– სები, სადა ხარ? – როკვენ სეფენი,
კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება,
მზით შეივსება შესავსებელი,
ცა – ვარსკვლავებით შეისოსნება...
მე კი შენს ბილიკს დავემგზავრები,
გზა განმიბანე, ნათლის ნაკადო,
რომ გამარჯვების საგალობელი
ცის დარბაზებში ამოგღაღადო.
– მტერმან ვერაფერი მოიმაქნისაო,
მძლეობს კი პარისის ღერო,
ფრთეო ნათლისაო, ფრთეო ნათლისაო,
შარავანდისაო ჩემო.


* * *
აჰა, ტრედს ვუხმე ჩემი კარვიდან,
ხრმლით მოვუნიშნე ცათა შორეთი,
ქვე განვუფინე მზე და მთოვარე,
ფრთე დავუმძიმე ეპისტოლეთი
და ღრუბლებისკენ ავაფრთოვანე...
გარნა ფიქრი ჩნდა, აღსდგა ღრუბელი,
კვლა აღუღუნდა ხელში ღადარი,
და სალმობათა ნაფეხურებზე
ჩნდნენ მესიტყვენი გულისთქმათანი.
ეჰა, სად მიფრენ ფრთეო ტრედისავ!
სად დაეშვები, რომელ მხარეში,
გზა შენეული საით დახდება:
ზღვა გაგეგება სატახტრევანოდ,
თუ კაკანათი დაგეტახტება?.. ...
ყრუდ მილივლივებს ქარში ქედანი,
ცად განიხსნება ბნელი თაღები,
ძალს მომაგებენ ძალნი მძლეთანი
და საკრებულოს შევეზრახები:
- ასრე უენომ ვისთან იენოს,
ტრედმან ვით შესძლოს თავის ტერება:
ბაზი დააგდებს საბაზიეროს,
ან ბაზიერი დაემტერება...
ვიხმე სხვა ტრედი... ისიც ვაფრინე...
ფრთეო, ამზიდე, ამამზიანე,
ხელთამპყრობელო, ხელი გამომდე!
ხამს დამავიწყოს დღემან დღეისამ,
რაც შევიჭირვე მოაქამომდე...
- გასწი, გაფრინდი, ჩემო უსტარო,
ჩემო კუშტო და ჩემო უშტარო,
რომ ზენაარის საუფლოებში
ამამზევო და ამამუშთარო.
ტრედო, წარუძეხ ქროლვას ფიქრისას!..
ცის საკრებულოს შეატყობინე,
რა სასოებით ვხმობდი აქამდე
და ღვთაებრივი ენამზეობით
აამჭევრე და აალაქარდე...
და, როცა გზებზე გასრულდება შენი თარეში, –
ბანს გარდაევლე იოსებისას,
გაეხმე ჩემს ყრმას და ეაბეზრე,
რომ განთიადის სინეტარეში
საუწყებელი ეუწყოს ესრე:
„ _ შვილო, განვიგდე მძიმე უღელი,
სახარებელი უნდა გახარო:
გუნდრუკს გიკმევენ მეგუნდრუკენი,
ნავარდალო და ნაზამბახარო!
საყუდარს ჩვენსას მზემან მოხედა,
ლხინი მოვქარგე ბედის ქარგაზე
და სარბიელი მეამბოხეთა
მოვირბიე და მოვიდარბაზე;
კვალად აღვმართე მკლავი ნაცადი,
კვლავ გულმაგარმან ჟამი ვიგულე,
კაცი კაცს ვტყორცნე, კაცად-კაცადი
ხრმლით ბედაურზე ვამანდიკურე...
„სისხლი სისხლის წილ!” – რეკდა მთიები,
თვალში ჩამიდგა უცხო სიალე,
ბზეს შევუსართე გადამთიელი,
ბზე - ქარიშხალში ავაბზრიალე.
ფრანჩესკო პეტრარკა,სონეტი
მოვა ჟამი და გაგვიძახებს ბინდი ვრცეული
და ჩვენი ყოფა – მისი ხატი, მისი ფერწერა
არარაობის სათვალავში ჩაიძერწება
და გაცუდდება ყველა ნივთი და განძეული.
და მიდის, მიდის, მიირწევა ჩემი სხეული,
ხოლო თრობა და სიყვარული ოქროს ლერწებად
შეზრდია სულს და ღამეს მისდევს და ილეწება
დრო – წარმავლობის მოციქულად გადაქცეული.
მიდის ცხოვრება, მიიჩქარის, მაგრამ იმავ დროს
ვეჭვ, ხელოვნებამ აღსასრული გადამივადოს,
მხოლოდ სულია უსასრულოდ მოასპარეზე
და დრო, რომელსაც იმორჩილებს მხატვრის გონება:
ხან არენაზე წარმოჩნდება გრძნობის გარეშე,
ხან ყოველივეს მგრძნობელობით ეპატრონება...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები