ბაგრატ IV (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ IV – იმერეთის მეფე 1660-1661, 1663-1668, 1669-1678, 1679-81 წლებში, ალექსანდრე III-ის ძე.

მეფედ ქუთაისში აკურთხეს. ბაგრატ IV-ის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალური შინაომების გაღრმავებას, თავადთა თვითნებობას, ტყვეებით ვაჭრობის გაძლიერებას.

მეფის დედინაცვალმა - დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტიური გამგებელი იყო ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის. თეიმურაზ I-ის ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში მისივე ბრძანებით ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს. თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს მისთხოვდა, რომელიც იმერეთის ბაგრატიონთა შორეული ნათესავი იყო და ჭუჭუნიაშვილის ზედწოდებით იცნობდნენ. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს.

ბაგრატის მომხრეებმა დახმარებისათვის ახალციხის ფაშას, ასლანს მიმართეს, რომელსაც დადიან-გურიელიც მიემხრნენ და იმერეთში ჯარით შემოვიდნენ: დარეჯანი, ვახტანგი და ქეთევანი შეიპყრეს, ვახტანგს თვალები დასთხარეს და ახალციხეში წაიყვანეს, იქიდან კი ოლთისში გაგზავნეს. ვამეყ III-მ თვისი თავი მეფედ გამოაცხადა (1660). იმერეთში ატეხილი არეულობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა ქართლის მეფე ვახტანგ V (1658-1675), რომელსაც ზემო იმერლებიც მხარს უჭერდნენ, და იმერეთისაკენ დაიძრა. ვამეყ დადიანი (მას ქვემო იმერეთის თანადგომის იმედი ჰქონდა) დაუზავდა ქართლის მეფეს. იმერეთი შუაზე გაიყვეს და საზღვარი მდინარე ბუჯისხევზე გადეს. მაგრამ მალე ზავი დაირღვა. ვახტანგ V დემეტრე გურიელსა (1660-1664) და პაატა აბაშიძეს დაუკავშირდა. იმერეთში შემოსულ ქართლის მეფეს დადიანმა შებრძოლება ვერ გაუბედა და სვანეთში გადავიდა. ვახტანგმა ქუთაისი აიღო და ბაგრატთან ერთად ოდიშზე ილაშქრა. დადიანობა ლევან II-ის ძმისწულს, შამადავლე იოსების ძეს გადასცა, რომელმაც ბიძის პატივისცემით ლევანი დაირქვა (1661-1680). ვახტანგმა ლევან III დადიანს სილამაზით განთქმული დავითის ძმისწული თამარი შერთო, რომელიც შემდეგ მეფე-მთავრების ტრფიალისა და დავის საგანი გახდა.

ქუთაისში დაბრუნებულმა ვახტანგ V-მ თავისი 14 წლის ვაჟი არჩილი დასვა მეფედ, თვითონ კი ქართლში გადავიდა და ბაგრატიც თან წაიყვანა (1661). არჩილის გამეფებით გამწვავდა ირან-ოსმალეთის ურთიერთობა ქართლის მეფესთან, ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV დაებრუნებინა, რომელიც ტახტს შვიდი წლის მანძილზე ინარჩუნებდა. თუმცა სისხლისმღვრელი შიდა ფეოდალური ომები არ წყდებოდა. 1663 წელს ლევან III ბაგრატთან ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.

არჩილ II-სა და გიორგი III გურიელის (1664-1684) გაერთიანება რომ ჩაეშალა ბაგრატმა გურიელს თავისი ასული დარეჯანი მიათხოვა, მაგრამ ახალციხიდან სურამში მოსულ არჩილს, რომელსაც ლევან დადიანი და იმერნი მიემხრნენ ვერ შეებრძოლა. კვლავ დათმო ტახტი (1678) და თვითონ გურიაში წავიდა. ბაგრატმა გურიელის შუამდგომლობით დახმარება სთხოვა ახალციხის ფაშას, რომელმაც სულთანს საქმის ვითარება მოახსენა. 1679 წელს სულთანის ბრძოლებით ბაგრატს მეფობა დაუბრუნეს. იმერეთის მეფე ტახტის შემომტკიცებასა და ჯარის შეკრებას შეუდგა, ოდიში დალაშქრა, მაგრამ მალე, 1681 წელს გარდაიცვალა. ბაგრატ IV გელათში დაკრძალეს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები