ბადისებრი გუმბათი
ბადისებრი გუმბათი − სფერულ ზედაპირში ჩაწერილი მრავალწახნაგებით შედგენილი ბადისებრი კონსტრუქცია, რომელიც შედგება სამკუთხედების, ტრაპეციების, რომბების, ხუთკუთხედების, ექვსკუთხედების ან სხვა ფიგურების ერთობლიობისაგან. გისოსის ელემენტები კვანძებში შეერთებულია სახსროვნად. ბადისებრი გუმბათი წარმოადგენს განმბჯენიან სისტემას, რომელსაც იღებს ქვედა საყრდენი რგოლი. გუმბათების ბადისებრმა სქემებმა ფართო გავრცელება პოვა დიდი დიამეტრის (100 მ და მეტი) გარსების მშენებლობაში. პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელდა გუმბათები სამკუთხა უჯრედებით, რასაც განსაზღვრავს წიბოვან-რგოლური გუმბათები გისოსოვანი კავშირებით. განასხვავებენ ბადისებრი ზედაპირების მიღების ორ მეთოდს: შედარებით დამრეცი გუმბათებისათვის მისაღებია პირველი მეთოდი, რომელიც ემყარება ბრტყელი ბადის აგებას მრავალი ერთნაირი სივრცითი ზედაპირის სექტორებისაგან და შემდეგ მის დაპროექტებას გუმბათის მრუდწირულ ზედაპირზე. ასეთს მიეკუთვნება ბადისებრი გუმბათის შემდეგი სქემები:
წიბოვან-რგოლური გისოსიანი კავშირებით (შვედლერის გუმბათი);
ვარსკვლავისებრი სქემა (ფეპლის გუმბათი);
„ჩივიტას” სქემა;
რომბული სქემა.
ბადისებრი ზედაპირის აგების მეორე მეთოდი უფრო გამოსადეგია შემაღლებული სფერული გუმბათისათვის და დაფუძნებულია სფეროში ჩაწერილი წესიერი მრავალწახნაგების – დოდეკაედრის (თორმეტწახნაგა) და კოსაედრის (ოცწახნაგა) თანდათანობით დანაწევრებაზე. ელემენტარული სამკუთხედები სფეროს დანაწევრების შემდეგ შეიძლება გაერთიანდნენ რომბულ, სამკუთხა, ექვსკუთხა პანელებად. ბადისებრი ზედაპირის მიღების ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება პლასტმასების, ლითონისა და ხის ასაწყობი გუმბათების მშენებლობაში.