ბაზალეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზალეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია – ეკლესია დგას სოფელ ბაზალეთის (დუშეთის მუნიციპალიტეტი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია) ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8.5 X 5.7 მ), სამხრეთიდან ეკვროდა თანადროული მინაშენი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კარ-სარკმლების, კამარისა და საბჯენი თაღების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. ტაძარი დაზიანებულია: ჩამოშლილია გრძივი კედლების ზედა ნაწილები, სახურავის საფარი, ლავგარდანი და გარეთა კუთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარი. სამხრეთ მინაშენისაგან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდან ჰქონია. შესასვლელს წირთხლების უმეტესი ნაწილი და გადახურვა მონგრეული აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელშიც ერთი სწორკუთხა სარკმელი და ორი, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. ნიშებს ზემოთ, წყობაში სარეზონატორო პატარა ქვევრებია ჩასმული. თითო სწორკუთხა სარკმელია შენობის დანარჩენ კედლებშიც. აფსიდაში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის ბოლოებთან თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული ფორმის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეს კონსტრუქცია საკურთხეველს დარბაზისგან გამოყოფს. თითო ანალოგიური პილასტრია გრძივ კედლებზედაც, რომლებიც მათ დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად ყოფს.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული მაღალი ჯვარია გამოსახული, რომლის მკლავებს შორის თითო რომბია ჩასმული. მსგავსი ჯვარია (რომბების გარეშე) გამოსახული დასავლეთ ფასადზედაც. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო ქვის თაროსებური ლავგარდნით, რომელიც ნაწილობრივ მხოლოდ განივ ფასადებს შემორჩა.

თ. დვალი

ლიტერატურა

დვალი თ., ბაზალეთი, ღვთისმშობლის ეკლესია, წგ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები