ბალადა (პოეზია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალადა – ხალხური პოეზიის პოპულარული ჟანრი ამ ტერმინით შუასაუკუნეების საფრანგეთში, კერძოდ პროვანსში აღნიშნავდნენ სატრფიალო სიუჟეტის მქონე საცეკვაო სიმღერებს, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ საგაზაფხულო-საწესო ჩვეულებებთან. შემდეგ ბალადის ცნება გაფართოვდა და გარდა საწესო ხასიათის სატრფიალო ნაწარმოებებისა მასში გარკვეული ფორმის ლირიკულ-ეპიკური ლექსებიც იგულისხმებოდა. ბალადის ჟანრის აღმოცენებას შუასაუკუნეების ფრანგ ტრუბადურებსა და მენესტრელებს უკავშირებენ. ქართულ ლიტერატურაში ბალადის სრულყოფილი სახით მე-19 საუკუნემდე არ გვხვდება. ქართულ ხალხურ პოეზიაში ბალადა შორეულ წარსულში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამას ააშკარავებს სვანური, რაჭული, ხევსურული და ბარში შემონახული ბალადების რიტმული სტრუქტურა და გამომსახველობითი ხერხები.

ბალადის ცნება ყველა მეცნიერს ერთნაირად არ ესმის ქართულ ფოლკლორისტიკაში ბოლო ხანებში ჩამოყალიბდა გარკვეულად ერთიანი შეხედულება, რომლის მიხედვით ბალადა წარმოადგენს ლირიკულ-ეპიკური ფორმის სიუჟეტიან ლექსს, რომელშიც გმირის არაჩვეულებრივი თავგადასავალია გადმოცემული. ბალადა შეიძლება შეიცავდეს დიალოგს („ია მთაზედა"), მონოლოგს („შემომეყარა ყივჩაღი“), ან ჩვეულებრივ თხრობას („თავფარავნელი ჭაბუკი“, ამასთან სიუჟეტი ყოველთვის მძაფრი და დრამატულია. პოემისაგან პირველ ყოვლისა, იმით განსხვავდება, რომ ბალადაში გმირის ვრცელი თავგადასავალი კი არ არის გადმოცემული, არამედ მისი ცხოვრების ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

ქართულ პოეზიაში გვხვდება საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სატრფიალო და საყოფაცხოვრებო ბალადების ნიმუშები. ბალადის ნაწილი აგებულია ძველ თქმულებებზე, ნაწილი კი ორიგინალური პოეტური გარდასახვის ნაყოფია.

ლექსწყობის თვალსაზრისით ხალხური ბალადების დიდი უმრავლესობა 16-მარცვლიან რითმიან საზომს – შაირს შეიცავს, გვხვდება ურითმო ბისტიკაურის რამდენიმე ნიმუშიც.

ჯ. ბარდაველიძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები