ბალარჯიშვილი ბაადურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაადურ ბალარჯიშვილი

ბალარჯიშვილი ბაადურ – (1946 – 2012), ქართველი პოეტი და სცენარისტი. დაიბადა თელავში, დაამთავრა თელავის მე-2 საშუალო სკოლა, 1970 წელს კი - თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „თელავის ჭადარი”, „მდინარე”, „კიპარისები”. პოეზიის გარდა სცენარების წერითაც იყო დაკავებული. სცენარის ავტორია ფილმებისა: „ნისლი” (1985), „ხარება და გოგია” (1987), „მარტივი პასიანსი” (1990).


ზამთრის დამდეგი თელავში
შემოდგომა ბინდიანი ქუჩებით
მიბარბაცებს – დრო დამდგარა წასვლისა –
მიდის ზანტად, ბედსაც არ ეურჩება:
ასეთია უფლის ნება, რას იზამ?!...
ცივმა ცივად შეუბერა შორიდან,
წარიხვეტნენ შარიშურა ფოთლები,
მორს დაასვეს დასახეთქად სოლი და
შეშა მიაქვთ საარყისკენ გოდრებით.
წალმის ღადარს სუკის მწვადი ელაგა,
თონის პურის სუნი ბოლს შერევია,
გუდის ყველი ნირს აძლევდა ბარაქას _
ნივრის მწნილიც ფრიად სასურველია.
ნოემბერი ილეოდა ჟინჟღლებით,
საფერავმა წვერი თეთრი დაღარა,
იყო თხოვნა: დიდხანს ნუ დავიშლებით,
ცოტა დაგვრჩა, უკვე ბევრი აღარა.
ეჰ, რამდენჯერ თავს დოლაბი გვაბრუნეს,
და ყველაფერს კვლავ თავიდან ვიწყებდით,
ჭირსა შიგან გამაგრება რომ უნდა,
აბა, ამას როგორ დავივიწყებდით.
მტერი ჩვენ ვერ მოგვერევა ვეროდეს:
საქართველოს – იმიერ და ამიერ,
მხრებზე ხელგადახვეულნი ვმღეროდით
წინწყაროს და მერე მრავალჟამიერს.
ალბათ, უკვე გაგვითხრიან სამარეს,
წააწერენ ქვაზე ეპიტაფიას:
ის, ვინც საფლავს დაეძებდა თამარის,
იმავ მიწას, სადღაც იქვე მარხია.
თქვენთან ვარ და აქვე ვრჩები, ძმაკაცნო,
და ვიქნები დღე-ყოველიცისმარი,
ერთმანეთი საქართველომ გაგვაცნო,
ერთად ვნახოთ წუთისოფლის სიზმარი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები