ბანკროტი, ანუ ჩვენები არიან-გავსწორდებით
ბანკროტი, ანუ ჩვენები არიან - გავსწორდებით – რუსი დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის პიესა.
პირველი პიესა „ბანკროტი, ანუ ჩვენები არიან-გავსწორდებით“ ოსტროვსკიმ 1847-1850 წლებში დაწერა. მასში, კრიტიკოს ნ. დობროლუბოვის თქმით, „ნაცარტუტადაა ქცეული და თავხედურადაა ფეხქვეშ გათელილი ადამიანური ღირსება, პიროვნების თავისუფლება, სიყვარულისა და ბედნიერებისადმი რწმენა, პატიოსანი შრომა“. პიესაში, ცნობილი ზამოსკვორეჩიეს ცხოვრების გარემო, ოჯახური და საქმიანი ურთიერთობების საშუალებით, უმნიშვნელოვანესი სოციალური საკითხების მთელ ნაკრებთან ერთადაა წარმოდგენილი.
კომედიაში ავტორი გვაცნობს რუსული სავაჭრო სახლის მეთაურს - ბოლშოვს, რომელიც თავისი სიმდიდრით ამაყობს, ადამიანურ გრძნობებზე უარს ამბობს და მხოლოდ საკუთარი ფირმის შემოსავლები აინტერესებს. კომერციის სფეროში ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფა, ოჯახური იერარქიის ურყეობისადმი ბრმა რწმენა - ბოლშოვს გამდიდრების იმედს აძლევს. პიესის მთავარი გმირი მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრობს, იმედი აქვს, რომ შვილის მორჩილი ბუნებით ისარგებლებს და „მომგებიანად“ დააქორწინებს. მაგრამ, სასიძო, პოდხალიუზინი მოულოდნელად, მოჩვენებითი სამართლიანობით ამხელს ბოლშოვის ჩანაფიქრს და გამოაცხადებს, რომ თითქოს გაკოტრდა. სასიძო უფრო უარესი გაიძვერაა, ვიდრე ბოლშოვი, რადგან ამ გზით მასაც გამდიდრება სურს. პიესიდან ცხადი ხდება, რომ ცხოვრების ასეთი წესი საზოგადოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პიესა რეალისტური ენითაა დაწერილი, პერსონაჟები ცხოვრებისეულად მეტყველებენ. დიალოგები ხალხური აფორიზმებით, ანდაზებით და იუმორითაა გაჯერებული. ამგვარი სამეტყველო ენა ოსტროვსკისმომდევნო პიესებში მეორდება.