ბარათაშვილი ლინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლინა ბარათაშვილი

ბარათაშვილი ლინა – (1942), პოეტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი დაიბადა ბორჯომში. სწავლობდა ხარაგაულის პირველ სკოლაში. 1968 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ხარაგაულის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი, 1973 წლიდან მუშაობდა გაზეთ „ნერგის” ლიტერატურული განყოფილების გამგედ, რედაქტორობდა გაზეთ „დედას”. მისი პირველი ლექსი – „ვაჟა-ფშაველა” – 1961 წელს დაიბეჭდა ხარაგაულის რაიონულ გაზეთში – „ლენინის დროშით”. ავტორია პოეტური და პროზაული კრებულებისა: „მოლოდინი”, „მარტოობის კუნძულები”, „მზითვის წიგნი”, „საქართველოში იბადებოდნენ”.


* * *
ამ მთასა და იმ მთას შუა
თითქოს უფალს გაუვლია,
წალკოტს იქით წალკოტია,
გაღმა ხარაგაულია.
მართლა უცხო სამზეროა,
ტყემლის ბევრი ფთილებია
იმერეთი გვეტკინა და
თვალში წამოგვკიდებია.
ისე მკაცრი სიცხადეა,
ისე სუფთა ნათელია
ვფიქრობ, ღრუბლის თეთრი არვე
ქართლზეც გადამადენია.
მეუბნები – სამოთხეა,
გეუბნები ედემია,
ხედებია იმოდენა
თვალში ვეღარ ეტევიან.
ისე თითო აპრილია,
საბნად ნისლი აფარია,
მეუბნები – სიზმარია ,
გეუბნები, ზღაპარია!
ამ მთასა და იმ მთას შუა,
თითქოს უფალს გაუვლია,
წალკოტს იქით წალკოტია,
გაღმა ხარაგაულია.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები