ბარამიძე რევაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ბარამიძე

ბარამიძე რევაზი (დ. 18.05.1928, ქ. თბილისი – გ. 07.08.2010, იქვე) ფილოლოგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი პედაგოგისა და მეცნიერის, გრიგოლ ბარამიძის ოჯახში. 1945 წ. დაამთავრა თბილისის №7 ვაჟთა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ (1951) კ. კეკელიძის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის სრული კურსი და დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი (1954) ძველი ქართული ლიტერატურის განხრით („ქართული საისტორიო და ორატორული პროზა“). წლების განმავლობაში ბარამიძე მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ბარამიძე ძველი ქართული ლიტერატურის კურსს კითხულობდა თსუ-ში, გორის, ცხინვალის, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღიდან დაარსებისა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. ბარამიძე ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელშიც განხილულია ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკვანძო საკითხები. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა იაკობ ხუცესისა და გიორგი მერჩულის შემოქმედებას.

საგანგებო გამოკვლევები მიუძღვნა „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ სხვადასხვა ასპექტს: „მონაზვნური ცხოვრების წესი გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“, „ქრისტოლოგიური საკითხები მერჩულეს შემოქმედებაში“.

გიორგი მერჩულის შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა ნაშრომი ბარამიძემ გააერთიანა მონოგრაფიაში „გიორგი მერჩულე – ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება“ (2003), საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა მან X-XVIII სს. ქართულ ისტორიულ და ორატორულ პროზას, რომელშიც განიხილა გიორგი მერჩულის, საბა-სულხან ორბელიანის, ამბროსი ნეკრესელის, გაიოზ რექტორისა და სხვა ქართველი მოღვაწეთა შემოქმედება (1979). ცალკე გამოკვლევები მიუძღვნა ბარამიძემ იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებას“, არჩილისა და ანტონ I-ის შემოქმედებას.

ბარამიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის, რუსთაველის საზოგადოების, საზოგადოება „მესხეთის“ წევრი, არჩეული იყო საქართველოს განათლების მეცნიერების აკადემიის ნამდვილ წევრად. დაჯილდოებული იყო ექვთიმე თაყაიშვილის დიდი მედლით, ღირსების ორდენით.

ზ. აბაშიძე

თხზულებები

  • ნარკვევები ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან V-XI სს., თბ., 1957; ქართული საისტორიო პროზა, თბ., 1971;
  • ქართული საისტორიო და ორატორული პროზა, თბ., 1979;
  • არჩილ ბაგრატიონი, თბ., 1983;
  • ნარკვევები ქართული მწერლობის ისტორიიდან, თბ., 1990;
  • „წინ ილიასაკენ“, თბ., 2001;
  • გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება, თბ., 2001.

წყარო

იხილე აგრეთვე

რევაზ ბარამიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები