ბარასთირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარასთირ-ი ირ., ბარასთარ-ი დიგ. (ოს. Барастыр, барастæр) – მკვდართა საუფლოს, საიქიოს მბრძანებელი ნართული ეპოსისა და „სულის ცხენის“ დამკურთხებლის („ბახფალდისაგი“) ლოცვა-დარიგებათა ტექსტების მიხედვით. ოსების წარმოდგენით, გარდაცვალებამდე ადამიანთა ცხოვრების წესის შესაბამისად ბარასთირი განსაზღვრავს მიცვალებულთა ადგილს ზინდონში (ჯოჯოხეთში) ან ძანათში (სამოთხეში). ზოგჯერ იგი მიცვალებულთა სულებს ნებას რთავს ეწვიონ სააქაოს იმ პირობით, რომ უკან მზის ჩასვლამდე მობრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საიქიოს კარები დახშული დახვდებათ და განთიადამდე ვერ შევლენ (სწორედ ამ რწმენის გამო ოსები მიცვალებულებს მზის ჩასვლამდე მარხავენ). ბარასთირი არ არის დემონური პერსონაჟი, უფრო მეტიც, მის ხასიათში მიცვალებულთა მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება შეიმჩნევა. ბ. გატიევის მიერ მოთხრობილი ერთი თქმულების მიხედვით, ბარასთირს ცოდვილები ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაჰყავს, რაშიც ვ. მილერი ქვესკნელში ქრისტეს ჩასვლის შესახებ არსებული ლეგენდის გამოძახილს ხედავს.

ტერმინი Барастыр || Барастæр შედგენილი სიტყვაა, რომლის მეორე სეგმენტს (-астыр || - астæр) ჩეჩნურ ეშთრთან („საიქიოს მბრძანებელი“) აახლოებენ (შდრ. ბაბილონური იშთარი), ხოლო პირველ ნაწილს ოსურ ენაში „უფლების“, „ძალაუფლების“ აღმნიშვნელ бар სიტყვას უკავშირებენ. ამდენად, ბარასთირი იშიფრება, როგორც „ძალაუფლებით აღჭურვილი ასთირი“, „მბრძანებელი ასთირი“. წარმოდგენები ბარასთირზე, როგორც ჩანს, ოსებს შედარებით გვიან ჩამოუყალიბდათ („ამინონი“).


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинскоко языка. Т. 1. М.-Л., 1958;
  • Калоев Б. А. Похоронные обычаи и обряды осетин в XVIII – начале XX в. // Кавказский этнографический сборник. М., 1984. Т. 8;
  • Нарты. Осетинский героический эпос: в 3-х книгах. Кн. 2. М., 1989;
  • Цораев З. У. Идея бессмертия души в осетинской религиозной культуре // III Всероссийские Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები