ბარდნალა
ბარდნალა – სოფელია დასავლეთ საქართველოში,ლეჩხუმში, (ცაგერის რ.). მდებარეობს მდინარეების ჯანოულასა და ნამკაშურის წყალგამყოფის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, მდინარე ცხენისწყლის შუა დინების ხეობის მარჯვენა მხარეს. ბარდნალში დაიბადა სახელგანთქმული პოეტი ლადო ასათიანი.
ადგილობრივი მოსახლეობა მშობლიური სოფლის სახელს გამარტივებული სახით წარმოთქვამს – ბარნალა. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რამდენადაც ფუძის შიგნით რდნ თანხმოვანთკომპლექსის გამარტივება ქართული ენისათვის, კერძოდ, ლეჩხუმურ-იმერულისათვის, ნიშანდობლივი ფონეტიკური მოვლენაა. პოეტმა ლადო ასათიანმა თავის ლექსებში მშობლიურ სოფელს სწორი, მართებული სახელი აღუდგინა და ბარდნალა დაამკვიდრა:
- „რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი,
- ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი“.
- „რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი,
ამის მიუხედავად ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ სწორია ხალხური ბარნალა, რომელიც ბალნარად თუ ბარნარად („ვაკე ადგილი“, „ვაკნარი“) უნდა გავიგოთ; პოეტ ლადო ასათიანს კი თითქოს გადაუკეთებია, „რამდენადმე შეუცვლია“ თავისი სოფლის სახელი.
ჩვენი ღრმა რწმენით მართებული ფორმაა ბარდნალა /„ბარდნარი ადგილი“, „ბარდებიანი ადგილები“ /, რომელიც ლადო ასათიანის პოეტურ ინტუიციას სწორად უგრძნია და აღუდგენია კიდევაც. საქმე ისაა, რომ ტერმინი ბარდნალი, ბარდნალიანი XVII-XVIII საუკუნის ქართულში ცოცხალი ენობრივი ფაქტია. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ბარდნალი არის „ბარდებ-ხშირი“, ვახუშტი ბატონიშვილი კი მიუთითებს, რომ მდინარე გუბის-წყალი მოედინება „ფრიად ფლატოიანსა და ბარდნალიანს ადგილსა ზედაო“.
საბოლოოდ სოფლის ხალხური სახელწოდება ბარნალა უნდა მივიჩნიოთ ბარდნალას გამარტივებულ სახედ და არა ბალნარას ან თუნდაც ბარნარას ფონეტიკურ ვარიანტად.