ბარეთელთა
ბარეთელთა – ქართული მონასტერი კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა). დაარსებულია IX საუკუნის I ნახევარში ზაქარია ბარეთელთელის მიერ, რომელშიც მიძნაძორის მაშენებლისა და წინამძღვრის, დავითის მოწაფე იყო. ბარეთელთა წყაროსთავის სავანესთან ერთად აუგიათ. გრიგოლ ხანცთელის დაქვემდებარებაში მყოფ კლარჯეთის მონასტრებიდან ერთ-ერთი იყო ბარეთელთა გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ 12 კლარჯული მონასტრის (მათ შორის ბარეთელთას) არქიმანდრიტობა გადავიდა ანჩელ ეპისკოპოსებზე.
თურქებმა XVI საუკუნის II ნახევარში, ამ მხარეში თავიანთი მფლობელობის დამყარების შემდეგ, წყაროსთავის სავანე მთლიანად მოსპეს და ბარეთელთაც დაანგრიეს. ამჟამად მხოლოდ მისი მცირეოდენი ნაშთია შემორჩენილი. მოღწეულია მხოლოდ ერთთვლიანი ხიდი შავშეთის წყლის (იმერხევი) ხეობაზე. ეს ხიდი ბარეთელთას აერთებდა მეზობელ წყაროსთავისა და მიძნაძორის სავანეებთან. შესაძლოა, სწორედ ამ ხიდზე გავლით იმოგზაურეს წმ. მამებმა და ხელმწიფეებმა, როდესაც „მოილოცნეს მიძნაძოროჲ, წყაროჲსთავი, და ბარეთელთაჲ და ადგილნი მათი“, – როგორც წერდა გიორგი მერჩულე.
ხ. ბაინდურაშვილი
ლიტერატურა
- გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, 2004;
- ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
- სილოგავა ვ., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2006;
- ხოშტარია დ., კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბ.,2005.