ბარლაამწმიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარლაამწმიდაქართველთა სავანე შავ მთაზე (ანტიოქიაში), რომელიც დაარსებულია XI საუკუნის შუა წლებში ანტონის სახელით ბერად შემდგარი ლიპარიტ ბაღვაშის მიერ იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მოღვაწეობდა ბარლაამი, „მოღვაწე მთასა კავკასსა“. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის გიორგი ხუცესმონაზვნის (მცირის) მიერ დაწერილი „გიორგი მთაწმინდის ცხოვრება“: „ ... მოირწყნეს ეკლესიანი შავისა მთისანი წიგნთა მისითა მდინარითა სულთა განმანათლებელითა, რამეთუ ყოველთა მონასტერთა გარდაიწერნეს და უფროჲს ყოველთაჲსა დიდად იღუაწა სულითა კურთხეულმან ანტონი ლიპარიტყოფილმან და თჳსისა მონასტრისა ბარლაამწმიდისათჳს დააწერინა“.

საინტერესო ცნობაა დაცული სინის მთის ერთ ხელნაწერში (Sin. 56), რომელიც ბარლაამის საგალობელს ერთვის: „თუესა ივლისსა ით (19) წმიდისა მამისა ბარლაამისი, რომელ არს მთასა კავკასსა, დღესასწაული ბარლაამწმიდას, ქართველთა მონასტერსა“. ცნობილია ქართველი მწიგნობარი იოანე ბარლაამწმინდელი, რომელსაც „დაუჩხრეკია“ პარაკლიტონი (Sin. 96). მოტანილი ცნობები სარწმუნოს ხდის აზრს ამ მონასტრის ქართველთა მიერ დაარსების თაობაზე.


ლიტერატურა

  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
  • Mapp H. Я., Описание Грузинских рукописей Синайского монастыря, M-Л., 1940.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები