ბასილი ეტრატი მალუშისძე
ბასილი ეტრატი მალუშისძე – (XI საუკუნე), ქართველი კალიგრაფი, რომელიც მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის მონასტრებში, სადაც მას ზაქარია ბანელის (ვალაშკერტელი) ბრძანებით გადაუწერია ხელნაწერები:
1) წმ. ეფთვიმე მთაწმინდლის თარგმნილი „მცირე სვინაქსარი“, გადაწერილი 1030 წელს კონსტანტინოპოლში, კირილეს მონასტერში (A 648);
2) გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული რომელშიც შეტანილია გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრებაც. იგი გადაწერილია 1031 წელს „ღმრთივდაცვულსა ქალაქსა შინა კონსტანტინეპოლეს“ – უცნობია, თუ რომელ მონასტერში (A-1);
3) ეფთვიმე მთაწმინდლის თარგმნილი „მცირე სჯულისკანონი“, გადაწერილი 1031 წელს კონსტანტინოპოლის ხორას მონასტერში (S 143).
იქვე იმავე წელს მას გადაუწერია „მცირე სჯულის კანონის“ კიდევ ერთი ხელნაწერი (A 96) – ამჯერად გრიგოლ მთაწმინდლის შეკვეთით, რომელიც ამ დროს ათონის ქართველთა მონასტრის (ივირონი) წინამძღვარი იყო. მაშასადამე, ჩვენამდე მოაღწია მაღალი კვალიფიკაციის კალიგრაფის – ბასილი ეტრატი მალუშისძის – მიერ 1030-1031 წლებში გადაწერილმა ოთხმა ხელნაწერმა, გამორჩეული ოსტატობით შესრულებული თავსამკაულებით, ბოლოსამკაულებითა და მთავრული საზედაო ასოებით. ერთ-ერთ ანდერძში ვკითხულობთ: „ლოცვა-ყავთ უღირსისა და ფრიად ცოდვილისა უცბად მჩხრეკელისა ბასილისთვის“. კრებული ლამაზი ნუსხურით, ნაკლებად გადაბმული მკაფიო ასოებითა და კარგად მოფიქრებული ფერწერული სამკაულითაა გაფორმებული. ფურცლის ჩარჩოები დახვეწილი გეომეტრიული ფორმისაა. ეს ხელნაწერები XI საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნის საუკეთესო ნიმუშებია.
ვ. სილოგავა
წყაროები და ლიტერატურა
- ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1974;
- ხელნაწერთა აღწერილობა, S კოლექცია, ტ. 1, თბ., 1959.
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
- მაჭავარიანი ე., ათონის ივერთა მონასტერი და X-XI სს. ქართული მოხატული წიგნი, „ხაბჭოთა ხელოვნება“, 1980, №11;
- მისივე, გადამწერსა და მხატვარს შორის შრომის განაწილების საკითხისათვის ხელნაწერი წიგნის მხატვრული კომპოზიციის შექმნის დროს, ქართული ხელნაწერები, თბ., 2012;
- მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996.
|