ბასილი (თორელყოფილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი – (თორელყოფილი) (XI საუკუნე), ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწიგნობარი.

ბასილს გადაუწერია ქართული ოთხთავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი K 76. იგი ამჟამად დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. ხელნაწერის 353-ე გვერდზე მოთავსებულია ვრცელი ანდერძი, რომელშიც ნათქვამია: „დაიწერა ჴელითა ცოდვილისა ბასილის თორელყოფილისაჲთა სანახებსა ასურეთისასა, დიდებულისა ქალაქისა და დიდისა ანტიოქიისასა, მონასტერსა წარჩინებულსა დიდისა კალიპოლისასა, სამკჳდრებელსა და ნავთსაყუდელსა ქართველთასა, სოხასტერსა შინა, მონასტრისა აღმოსავლეთით, სადიდებელსა წმიდათა მთავარანგელოზთასა... ხოლო ოდეს აღიწერა წმიდა სახარება ქრონიკონი იყო მაშინ სპ“. ანდერძიდან ირკვევა, რომ ბასილი წარმოშობით საქართველოს ისტორიული პროვინციიდან, თორიდან იყო და მოღვაწეობდა სირიაში მდებარე ერთ-ერთ ქართულ მონასტერში. მონასტერს ჰქონია სოხასტერი მთავარანგელოზთა სახელზე და სწორედ აქ გადაუწერია ბასილს აღნიშნული ოთხთავი. სახარების ეს ხელნაწერი მნიშვნელოვანია ორი გარემოების გამო: 1. მას ახლავს გიორგი მთაწმინდლის ცნობილი ანდერძი „ესე საცნაურ იყავნ ყოველთა“. ცნობილია, რომ გიორგი მთაწმინდის ამ ანდერძის ტექსტი ორი, პრინციპულად განსხვავებული, ვარიანტითაა შემონახული: პირველი ვარიანტით, გიორგი მთაწმინდელმა ოთხთავი ახლად თარგმნა ბერძნულიდან „ფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთა“, ხოლო მეორე ვარიანტით – სახარების ქართული ტექსტი „ბერძულთა სახარებათა შეაწამა ფრიადითა გამოწულილვითა“.

ბასილის გადაწერილი ოთხთავი უძველესია და ერთადერთი თარიღიანი ყველა იმ ხელნაწერს შორის, რომელსაც ოთხთავის გიორგისეული რედაქცია და გიორგის ანდერძის პირველი ვარიანტი შემოუნახავს. ხელნაწერი გადაწერილია 1060 წელს, ხოლო გიორგი მთაწმინდელი გარდაიცვალა 1065 წელს, ე. ი., ხელნაწერი გადაწერილია გიორგის სიცოცხლეშივე. ამდენად, ამ ხელნაწერის მონაცემებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს ანდერძის პირველობის დასადგენად.

ამავე ხელნაწერში მოთავსებულია თორელყოფილი ბასილის მცირე ფორმის ორიგინალური ნაწარმოები, რომელსაც პირობითად „შესხმაჲ ოთხთავისაჲ“ შეიძლება ეწოდოს. იგი სახარების ღვთისმეტყველური დახასიათებაა სხვადასხვა ეპითეტით: მარგალიტი უსასყიდლო, ტაბლა ცხოვრებისა, საზრდელი უკვდავებისა, ღვინო გულისხმისყოფისა, ხე ბორობანი, სამოთხე მშვენიერებისა, საუნჯე მოუკლებელი, კიბე-ცად ამყვანებელი, კარი სასუფეველისა და სხვ. ბასილის ეს თხზულება ფართოდ არ გავრცელებულა. იგი დაცულია კიდევ ერთ ხელნაწერში – A 353. პატარა ზომის, ეტრატზე ნაწერი ეს ხელნაწერი ქვათახევის მონასტრის კუთვნილება ყოფილა და დათარიღებულია XIV-XV საუკუნეებში.

სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია „ქვათახევის ოთხთავის“ სახელწოდებით.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
  • სილოგავა ვ., XI საუკუნის ქართველი მწიგნობარი ბასილი თორელ-ყოფილი და მისი ანდერძი, კრ.: „მრავალთავი“, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 1989, ტ. 15;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 1, ტფ., 1892;
  • ქუთაისის სახელმწ. ისტორიული მუზეუმი. ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. 1, თბ., 1953.


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები