ბატისნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბატისნაირნი (ლათ. Anseriformes) ფრინველთა რიგი. ბატისნაირთა რიგი აერთიანებს დიდი და საშუალო ზომის ფრინველებს. მათი არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული წყალთან, რის გამო სხეულის აგებულებაც თავისებური აქვთ. დამახასიათებელია წაგრძელებული, ოვალური და გაბრტყელებული სხეული, გრძელი კისერი, შედარებით მოკლე, სხეულის უკანა ნაწილში განლაგებული ოთხთითიანი ფეხები. უკანა თითი, სხვა თითებთან შედარებით, უფრო მაღლაა და პატარა ლაპოტი ან ქობა აქვს, ხოლო წინა სამი თითი მთელ სიგრძეზე ერთმანეთთან საცურავი აპკითაა შეერთებული. ნისკარტი ნორმალური სიგრძისაა, გაბრტყელებულია და უმრავლეს შემთხვევაში მთელ სიგრძეზე ერთნაირად განიერია, მაგრამ ზოგჯერ ბოლო ნაწილში ვიწროვდება ან, პირიქით, ფართოვდება. ნისკარტის კიდეებზე არის განივი რქოვანი ფირფიტები, ნაჭდევები ან წვრილი კბილაკების მსგავსი გამონაზარდები, რომელთა საშუალებითაც ხდება პირის ღრუში საკვების შენარჩუნება

ბუმბულსაფარველი ხშირი და მჭიდროა. ღინღლი თანაბრად ფარავს მთელ სხეულს; ფრთები მახვილი და საშუალო სიგრძისაა. კუდი უმრავლეს შემთხვევაში მოკლეა. შეფერილობა მეტად ნაირგვარია: ზოგი თეთრია, ზოგი — ერთფეროვანი რუხი-მურა. ბევრს აქვს მკვეთრი შეფერილობის უბნები, სხვადასხვა ელფერის მეტალური ელვარებით. რიგ სახეობებს თავზე აქვთ წაგრძელებული ბუმბულებისაგან წარმოქმნილი ქოჩორი. ხშირად წაგრძელებულია მხრებისა და შიგნითა მომქნევი ბუმბულებიც.

ზომიერ სარტყელში გავრცელებულ იხვებს, ბატებსა და ყვინთიებს შეფერილობაში კარგად აქვთ გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი, რაც ტროპიკულ სახეობებს უმრავლეს შემთხვევაში არ გააჩნიათ. ბატისნაირების თითქმის ყველა სახეობის მამალი დიდია დედალზე. მამლებს აქვთ საკოპულაციო ორგანო. ბატისნაირები კარგად ცურავენ, ბევრი მათგანი კარგადაც ყვინთავს. წყალქვეშ მოძრაობენ უმთავრესად ფეხების მოსმით. ზოგიერთები იშველიებენ ფრთებსაც. იხვები და ბატები ხმელეთზე დადიან საკმაოდ კარგად, შეუძლიათ სწრაფი სირბილიც. სხვები მოძრაობენ მძიმედ და მოუხეშავად. უმრავლესობას აქვს სწრაფი ფრენის უნარი, მხოლოდ ფრენენ ფრთების განუწყვეტელი ქნევით.

საკვები ნაირგვარია. კარგი მყვინთავები იკვებებიან პატარა თევზებით ან ფსკერის მოლუსკებით. ბევრი სახეობის საკვები შერეულია, რომელთაც მოიპოვებენ თავთხელ წყალში. ბატები იკვებებიან უმთავრესად სანაპიროს ან ხმელეთის მცენარეულობითაც.

რუხი ბატები და გედები გამრავლების დროს წარმოქმნიან მუდმივ წყვილებს, რამდენიმე წლით მაინც. უმრავლესობის შეწყვილება ხდება მხოლოდ გამრავლების პერიოდში და მამლები მართვეების კვებასა და აღზრდაში არ მონაწილეობენ. პოლიგამიურობა დადასტურებულია მხოლოდ ჭიკვარას მიმართ. ბუდობენ ზღვებისა და მტკნარი წყალსატევების სანაპიროებზე, უფრო ხშირად მიწაზე, ზოგიერთი — კლდეებსა და ხეების ფუღუროებშიც. ბუდე ამოფენილია ღინღლით, დებენ 3-10 კვერცხს, მართვეები იჩეკებიან ღინღლით დაფარული და თითქმის მაშინვე შეუძლიათ სიარული და ცურვა.

განგურის დროს მოზრდილ ფრინველებს ერთბაშად სცვივათ მომქნევები და დროებით კარგავენ ფრენის უნარს. განგურისა და მიგრაციის პერიოდებში ერთიანდებიან დიდ გუნდებად. სსრკ ტერიტორიაზე ზამთრობენ უმთავრესად კასპიის ზღვის სანაპიროებზე აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. ზამთრობენ სხვაგანაც, სადაც არ იყინებიან შიდა წყალსატევები და ზღვები.

ბატისნაირთა თითქმის ყველა წარმომადგენელი ინტენსიური რეწვის ობიექტია. მოიპოვებენ უპირატესად ზამთრობის ადგილებში, მიმოფრენის, ზოგჯერ განგურის დროსაც. გამოიყენება ხორცი, ტყავი, ბუმბული, აგროვებენ კვერცხებსაც. ბატებისა და იხვების მრავალრიცხოვანი შინაური ჯიშები გარეული სახეობებიდანაა მიღებული.

ბატისნაირთა რიგის სისტემატიკა დღემდე სრულად არაა დამუშავებული და მკვლევარებს შორის ზოგიერთ საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა. საქართველოში გვხვდება ამ რიგის ერთი ოჯახის წარმომადგენლები.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები