ბაქია მეომარი (პლავტუსის კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბაქია მეომარი“ – ძველრომაელი დრამატურგის პლავტუსის კომედია.

საზრიანი მსახურის სახე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხშირად განმეორებადია პლავტუსის კომედიოგრაფიაში. კომედიაში „ბაქია (მკვეხარა) მეომარი“, კვლავაც თავისი ბატონისათვის, პლევსიკლესთვის წართმეული შეყვარებულის დასაბრუნებლად გარჯილი მსახური პალესტრიო მოჩვენებითი ერთგულებით ემსახურება ქალს დაპატრონებულ მკვეხარა მეომარ პირგოპოლინიკესს. ფსევდოლუსის მსგავსად, საბოლოოდ, მოხერხებული მონა თავისი ნამდვილი ბატონის პირადი საქმეების მოგვარებასა და ბაქია პირგოპოლინიკესისთვის ჭკუის სწავლებასაც შეძლებს. თუმცა, პალესტრიოს მიერ მეომრის წინააღმდეგ გათამაშებული და ამ მიზნით დაქირავებული სპექტაკლის მონაწილეები, თავიანთი გაიძვერობით, თავად მათ დამქირავებელსაც კი აფრთხობენ. გონებაშეზღუდულ და ხარბ პირგოპოლინიკესს, მოხერხებული, თაღლითი და ცრუპენტელობაში გამობრძმედილი როსკიპი აბრიყვებს. ამდენად, მკვეხარა მეომრის დამარცხება, მართალია, კომიკურია, სიცილის მომგვრელი, მაგრამ გარკვეულწილად სკეპტიციზმის გამომწვევიც, რადგან, არსებითად, ერთ გაიძვერას კიდევ უფრო გაქნილი გაიძვერები აბრიყვებენ. პიესის ფინალში პოზიტიურ განცდას იწვევს შეყვარებულების გამარჯვება, თუმცა ცხადია ისიც, რომ ამ გამარჯვების შესაძლებლობას ფულის ძალა და მოსყიდულ ავანტიურისტთა მოხერხებულობა იძლევა.

როგორც წესი, პლავტუსთან შეყვარებულთა სახეები უფრო სქემატური და ნაკლებ საინტერესოა. მხიარულ და ენაკვიმატ ავანტიურისტთა გარდა, რომელთა ლიდერადაც პალესტრიო გვევლინება, კომედიაში საინტერესოდაა წარმოჩენილი ორი ხაზგასმულად კონტრასტული ხასიათის ადამიანთა სახეები და ფსიქოტიპები. ერთი მათგანი მკვეხარა მეომარია, – თვითმტკბობი და ბრიყვი პირგოპოლინიკესი, – საკუთარ თავზე მუდამ აღმატებულად მოლაპარაკე და ნებისმიერი, მისთვის მაამებლური სიცრუის დამჯერი. პირგოპოლინიკესი თავს სამყაროს ცენტრად აღიქვამს, – გარემომცველებს კი მისით აღტაცებულ, მისით მოსულდგმულე ან პირუკუ, მის მოშურნე არსებებად. მკვეხარა მეომრის სრული ანტიპოდია პლევსიკლეს მამის მეგობარი და სატრფიალო ამბების მოგვარებაში აქტიურად დამხმარე პერიპლექტომენუსი. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ის სრული გაგებითა და თანაგანცდით განიმსჭვალება ახალგაზრდა შეყვარებულის მგზნებარე განცდების მიმართ და, ამავდროულად, თავად ანტიკურ სამყაროში ესოდენ დამკვიდრებული ზომიერების გრძნობის დაცვის მომხრედაც და თავისებურ განსახიერებადაც გვევლინება. არა მხოლოდ პრაგმატული გონის, _ ე.წ. ცხოვრებისეული სიბრძნის, არამედ ზოგადად მოაზროვნე ადამიანისათვის დამახასიათებელი სიბრძნით გამოირჩევა, ანტიკური კომედიოგრაფიისთვის საკმაოდ არასტერეოტიპული პერსონაჟი, შუახნის პერიპლექტომენუსი, – იმხანად გაცილებით უფრო ასაკოვნად მიჩნეული ადამიანი, თავს ჯერ კიდევ ძალ-ღონით, ახალგაზრდული ენერგიითა და მხნეობით აღსავსედ მიიჩნევს; არ კარგავს სიცოცხლით ტკბობის უნარს და, ამავდროულად, სულიერად მოწიფული, ცხოვრებისეულ სიბრძნეს ნაზიარევი კაცის შეხედულებებით გამოირჩევა. ძველი ბერძნების მსგავსად, მის ცხოვრებისეულ კრედოს ზომიერების გრძნობა; გრძნობასა და გონებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის მიღწევა წარმოადგენს. მისი ლიბერალური და, ამავდროულად, საღი აზრით აღსავსე შეხედულებები ადამიანების მიმართ კეთილგანწყობისა და იმავდროულად, გარკვეული სკეპტიციზმის გამომხატველია. პერიპლექტომენუსი ადამიანებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას – დახმარების, თანადგომის, თანაგრძნობის გამოვლენის საჭიროებას მხოლოდ სიტყვიერად კი არ ქადაგებს, არამედ ავლენს კიდეც. თუმცა, მართლაც ჭეშმარიტი ჰუმანისტი ადამიანებისა და ადამიანური ურთიერთობების იდეალიზაციის წინააღმდეგიცაა. მკვეხარა მეომრის სრული ანტიპოდი, პერიპლექტომენუსი, მისადმი კარგ დამოკიდებულებას არასოდეს აღიქვამს გადაჭარბებულად და აღტაცებით ნათესავების მისადმი მგზნებარე ყურადღებას, საკუთარი მართლაც კარგი ზნის გარდა, საკმაოდ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობითაც ხსნის, მით უფრო, რომ დაოჯახებაზე უარის მთქმელს, არც პირდაპირი მემკვიდრე ჰყავს. ყოველგვარი ილუზიებისგან თავისუფლების მიუხედავად, ან შესაძლოა სწორედ ამგვარი თავისუფლების წყალობითაც, მოკლებულია ყოველგვარ მიზანთროპიას, გარემომცველებს ღებულობს, ისეთებად, როგორებიც არიან – გადაჭარბებულად არ აღიქვამს არც მათ ღირსებებს და არც მანკიერებებს. ცდილობს ცხოვრების ყოველი წამით დატკბეს და სხვასაც სასიამოვნო განწყობა შეუქმნას. ყოველმხრივ ცდილობს, თავი აარიდოს კამათს, უთანხმოების შემთხვევაში კი შეუმჩნევლად განერიდოს აბეზარ მოკამათეს. სტუმართმოყვარე, თავაზიანი და მხიარული, – როგორც საუბრის, ასევე სხვისი მოსმენის უნარის მქონე, მკვეხარა მეომრის სახით წარმოჩენილი ეგოცენტრული და ინფანტილური ნარცისიზმის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს. მოწიფული სულის ადამიანისთვის დამახასიათებელი რეალობის ადეკვატურად აღმქმელი, არც თავის პერსონას ანიჭებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას, – გარე სამყაროსთან მიმართებაში. ქალებისადმი დიდი ინტერესის მიუხედავად, პერიპლექტომენუსი შეგნებულად უარს ამბობს დაოჯახებაზე. ოჯახური მოვალეობებისგან თავისუფალი ცხოვრების წესს ირჩევს, თუმცა ნებისმიერ არჩევანს ამ თვალსაზრისით თანაბრად ღირსეულად მიიჩნევს. განსხვავებული შეხედულებებისა და აზრის პატივისმცემელი, გონიერ ადამიანებშიც საპასუხო პატივისცემას იწვევს.

მისთვის ხოტბის შემსხმელი ნებისმიერი ცრუპენტელა მაამებლის დამჯერე ნარცისებისგან განსხვავებით, პერიპლექტომენუსი ადეკვატურია როგორც გარემომცველთა პრაგმატული ინტერესების აღქმისას, ასევე სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და ნებისმიერი უანგარო, წრფელი გრძნობების დაფასებისას. აშკარაა თავად პლავტუსისეული სიმპათიაც კეთილგანწყობისა და ჯანსაღი სკეპტიციზმის შეთავსების უნარის მქონე ადამიანების მიმართ.


მაია გოშაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები