ბაღის პიტნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაღის პიტნა - Mentha piperita L.

ბაღის პიტნა

ოჯახი - Iabiatae - ტუჩოსანთა
გვარი - Mantha L - პიტნა
სახეობა - Mantha piperita L - ბაღის პიტნა.

მეგრულად – პიტინე.

მრავალწლოვანი ბალახოვანი ჰიბრიდული წარმოშობის ფესურიანი მცენარეა. ივითარებს 50-80 სმ სიმაღლის, ერთწლიან, ოთხწახნაგოვან, სწორმდგომ და დატოტვილ ღეროებს. ფოთლები ჯვარედინ-მოპირისპირეა, მარტივი, უთანაფოთლო, მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი, წაწვეტებული, ხერხკბილა; ფოთლის ორივე მხარეს განწყობილია ეთერზეთოვანი ჯირკვლები. ყვავილი წვრილია, ქმნის ცრუ რგოლებს, რომლებიც თავის მხრივ საგველასებრ რთულ ყვავილედს წარმოქმნიან. ნაწილი ყვავილებისა მდედრობითია, მეორე ნაწილი კი ორსქესიანი. გვირგვინი მოწითალო-იისფერია, ხუთნაკვთიანი, ორტუჩა. ნაყოფი შედგება ოთხი წვრილი, მურა-წითელი შეფერილობის ერთთესლიანი, გლუვი, კვერცხისებრი კაკლისაგან. ყვავილები უმთავრესად სტერილურია, თესლს ძლიერ მცირე რაოდენობით იძლევა. ყვ.VII-VIII. ნაყ. IX.

ბაღის პიტნის სამშობლოდ ინგლისი ითვლება, სადაც XVII ს-ში გამოყვანილ იქნა პიტნის შავი და თეთრი ფორმები ორი ველური სახეობის Mentha aquatica L. და M. spicata Gilib. ჰიბრიდიზაციის გზით. საქართველოში შემოტანილია რუსეთიდან XVIII ს-ის შუა პერიოდში. კულტივირებულ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, ადვილად ველურდება.

სამკურნალოდ ბალახი (მიწისზედა ყლორტები) გამოიყენება. შეიცავს ეთერზეთებს – სასიამოვნო გემოთი და არომატით; მათ მთავარ შემადგენელ ნაწილს მენთოლი (30-70 მგ%), მენთონი და მენთაფერინი წარმოადგენს; ასევე აღინიშნება: კაროტინი, ჰესპერიდინი, ფლავონოიდები, ბეტაინი, ტრიტერპენული შენაერთები: ურზოლისა და ოლეინის მჟავები, რამნოზა, გლუკოზა, მიკროელემენტები: სპილენძი, მანგანუმი და სხვ. ბალახი ხასიათდება ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ნაღველმდენი, შინაგანი ორგანოების მომადუნებელი, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციის გამაძლიერებელი მოქმედებით.

მოჰყავთ უმთავრესად ეთერზეთების მისაღებად, რომელიც გამოიყენება როგორც ადგილობრივ გამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და ანტისეპტიკური საშუალება. იწვევს კორონარული სისხლძარღვების რეფლექტორულ გაფართოებას. შინაგანად მიიღება სტენოკარდიის, სასუნთქი გზების ანთებისა და ბრონქიტის დროს, კუჭ-ნაწლავის აშლილობისას; გამოიყენება ნევრალგიური დაავადებების, კბილის ტკივილის დროს. მენთოლის ხსნარი კატაბალახასთან ერთად – ვალერიან-მენთოლის ეთერი (ვალიდოლი) იხმარება გულის მწვავე ტკივილებისას; მენთოლი შედის „ზელენინას” წვეთებისა და ვალოკარდინის შემადგენლობაშიც. მენთოლი პარაფინთან ნაერთში ფანქრების სახით იხმარება შაკიკის დროს. პიტნის ზეთი გამოიყენება სურდოს საწინააღმდეგოდ წვეთებისა და მალამოების სახით; პიტნის წყალი მიქსტურებში გემოვნების გაუმჯობესების მიზნით, ასევე პირის ღრუს გამოსავლებად; ფოთლები, ნაყენების სახით იხმარება მადის გასაძლიერებლად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, გულისრევის საწინააღმდეგოდ. პიტნის ეთრზეთებსა და ფოთლებს იყენებენ ლიქიორების წარმოებაში, აგრეთვე კბილის პასტების დასამზადებლად. სიფრთხილის ღონისძიებები: არტერიული ჰიპოტენზია, ვენების ვარიკოზული გაგანიერება; მაღალ დოზებში მიღება არასახარბიელოდ მოქმედებს მამაკაცების პოტენციაზე, ასევე იწვევს ტკივილებს გულის არეში / Илиева, 1971/.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები