ბაჩანა
ბაჩანა − (1866 − 1928), ნამდვილი სახელი და გვარი − ნიკოლოზ რაზიკაშვილი, პოეტი. ვაჟა-ფშაველას ძმა. დაწყებითი განათლება ჩარგალში მიიღო, ხოლო შემდეგ მშობლებმა მიაბარეს გორის საოსტატო სემინარიაში, სადაც მისი უფროსი ძმა ვაჟაფშაველა სწავლობდა. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი − ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა. ლექსებში „ნატვრა”, „ტყის სიმღერა”, „მუხა”, „ვინა სთქვა საქართველოზე” და სხვა. ბაჩანა სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცემდა სამშობლოს მძიმე მდგომარეობას, რაც განაპირობებდა მის ლექსთა ელეგიურ ტონს („ოცნება პატიმრისა”, „გზააბნეული”). მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას. პოემაში „თაღლაურა” (1884), „ნანაის სიმღერა” (1889), „საფრთხე” (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში „წაწლობა” (1919-1924) ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- * * *
- ვინა სთქვა საქართველოზე,
- „ეგ არის ლომი კვდებაო,
- ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,
- მალე მზეც გაუქრებაო,
- თავს დასტრიალებს ყორანი,
- დასჩხავის ზედიზედაო?!“
- თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,
- გამაგრდი, ქართვლის დედაო!
- ბევრმა გვიქადა კვლავაცა,
- ბევრმა იუბნა ესაო,
- ბევრმა გვიკრიჭა კბილები,
- ჩუმად ფრანგული ლესაო.
- ცუდად წაუხდათ ქადილი,
- ვერრას გამოჰრჩნენ ვეფხვსაო,
- ლეკვები წამოეზარდნენ,
- მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო,
- გამოდით, ქართვლის შვილებო,
- ერთად შევნივთდეთ ძალები,
- წავიდეთ მტერზედ რისხვითა:
- ბევრი გვიმართებს ვალები,
- დაე, სულ გავწყდეთ, რა ვუყავთ,
- დაე, დამიწდეს მკლავები:
- დედანი დაგვიტირებენ,
- ცრემლებს დაჰღვრიან ქალები,
- საფლავს არ შეძრწუნდებიან
- ჩვენთა წინაპართ ძვალები.