ბაძგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაძგი - Ilex colchica Pojark
(ჭყორი) ქართლ. – ირმის საკვნეტელა, ლეჩხ., ოკრ., აჭარა, ჭან. — ბაძგარი, ბაძგარა, რაჭ., იმ. – ჭყორი, ერწ.-თიან. — ჩხერი, ვირის საკვნეტელა, ხევს., ფშავ. - ზამთარა, ზამთარ-ზაფხულა, მეგრ. – ბარცხელი, ბარცხინი, სვან. – ბარცხილ.
ბაძგი ეკუთვნის ბაძგისებრთა ოჯახს. ჩვენში ქვეტყის სახით უმეტესად დასავლეთ საქართველოს მთის ქვედა და შუა სარტყლის ფოთლოვან და იშვიათად წიწვოვან ტყეებში იზრდება. აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით იშვიათად ხარობს. ბაძგი ბუჩქია, ძირიდანვე ძლიერ დატოტვილი. ზოგჯერ გვხვდება 3 მ-მდე სიმაღლის ხის სახითაც. მარადმწვანეა. ფოთოლი მოკლეყუნწიანია, ქვევით გადაღუნული, ღრმად ამოკვეთილია და ნაკვთები ეკლით ბოლოვდება. ტყავისებრია, ხეშეში, ქვედა მხრიდან მკრთალი მწვანე, ზედა მხრიდან მუქი მწვანე და პრიალა.