ბახსოლიანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბახსოლიანებილეჩხუმში, სოფელ ქოლბანში ბახსოლიანებს ერთი ჭინკა ჰყოლიათ დატყვევებული და ოჯახში ამსახურებდნენ თურმე. ჭინკა სახლიდან ვერსად გადიოდა, რადგან მისთვის კლანჭები დაუძვრიათ და საცეხველის ქვეშ დაუმალავთ. საცეხველი მძიმე ქვის ყოფილა და ჭინკას მისი გადმობრუნება არ შეეძლო. უკლანჭებოდ კი ჭინკა რის ჭინკა იქნებოდა. ბავშვებს ძალიან უყვარდათ თურმე ჭინკა, რადგან ართობდა მათ და უვლიდა. ჭინკის ყოფნისას ოჯახი დოვლათით ავსებულა, ისეთი მარჯვე ყოფილა მათი ეს მოსამსახურე. ერთ აღდგომა დღეს უფროსები ეკლესიაში წასულან და ჭინკასთან ერთი პატარა ბიჭი დაუტოვებიათ, თან გაუფრთხილებიათ, არამც და არამც ჭინკას მისი კლანჭების სამყოფელი არ გაუმხილოო. ყველანი რომ წავიდნენ, ჭინკა დიდხანს ეხვეწა ბიჭს, რას არ დაპირდა, ოღონდ მაჩვენე ჩემი ფრჩხილების ადგილიო, მაგრამ ბავშვი არა და არ თანხმდებოდა. ბოლოს, ბავშვი გატყდა და გაუმხილა სამალავი, თან ქვის გადმობრუნებაშიც დაეხმარა. დაიბრუნა თუ არა ჭინკამ კლანჭები ეს ბიჭი აუკუწია და იქვე მდუღარე ქვაბში ჩაუყრია, თავად კი გაქცეულა. ეკლესიასთან რომ ჩაუვლია, მიუძახნია თურმე ბახსოლიანებისთვის: „ახსოლ-ბახსოლიანებო, ნურც მოშენებულხართ, ნურც გადაშენებულხართო,“ და გადაკარგულა. ამ წყევლის შემდეგ ბახსოლიანები არც მატულობენ და არც კლებულობენ: დღესაც იმდენი არიან, რამდენიც ჭინკის დროს იყვნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები