ბებრისციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბებრისციხე

ბებრისციხე, ბელტისციხე - (ინგლ. Bebris Castle), არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღმართულია გორაკზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთის ჩრდილო გარეუბანში. აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. 1939 წელს ციხის გასამაგრებლად მცირე სამუშაოები ჩაატარა ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კულტურულ ძეგლთა განყოფილებამ.

ბებრისციხის ტერიტორიაზე 60-იან წლებში გავლებულ იქნა საკონტროლო თხრილები (ხელმძღვ. ა. კალანდაძე), რომლებშიც დადასტურდა ანტიკური ხანის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხებთ 1983 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო გაერთიანებამ დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები ვ. ცინცაძე, გ. ჯაფარიძე). თხრილებისა და შურფების ამოღებისას მეთვალყურეობა გასწია მხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე). ბებრისციხის დასავლეთ კედლის გასწვრივ, შუა ნაწილში არსებული ბურჯის შეერთების ადგილზე, კედლის საფუძვლის ქვეშ აღმოჩნდა ნატეხი ქვიშაქვით ნაგები კედლის წყობის ორი რიგი, რომელზედაც ალიზის კედელი ყოფილა ამოყვანილი. დადასტურდა აგრეთვე ანტიკური ხანის წითლად შეღებილი თხელკეციანი თიხის ჭურჭლისა და წითლად შეღებილი კრამიტის ნატეხები, გამოვლინდა ქვითა და ტალახით ნაგები წრიული კედლის ნაშთი, რომელზედაცაა დაშენებული ბებრისციხის სამხრეთ-დასავლეთ გოდოლის – დონჟონის საძირკველი.

ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანესთან: „დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა“. ეს მოხდა 1156 წელს.

ციხე ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით კირის ხსნარზე, შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსაგან (საერთო ზომები 100X60 მ). ბებრისციხე ძლიერ დაზიანებულია.

ციტადელის გეგმა სამკუთხედის მსგავსია მის ყოველ კუთხეში თითო კოშკი დგას, ყველაზე დიდი, სამხრეთ-დალსავლეთის კოშკისაგან შემორჩენილია სამი სართული. სამივე დაზიანებულია. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კოშკები თითქმის ტოლია. ჩრდილოეთის კოშკის სამი სართულია შემორჩენილი, აღმოსავლეთისა – მხოლოღ საძირკველი. აღმოსავლეთის კოშკის შიგნით მოგვიანებით ცილინდრული კოშკი ჩაუშენებიათ, კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის კოშკებს აქვთ თავისებური (სავარაუდოა ისრის სატყორცნი) საბრძოლო ხვრელობები, რომლებიც შიდა მხრიდან განიერი (საშუალოდ 2 მ), მაღალი (დაახლოებით 275 მ) და ღრმაა (საშუალოდ 1,5 მ), გარედან კი ვიწრო (0,3 მ) და დაბალი (1 მ). ციხის ქვედა ეზოს აღმოსავლეთ კუთხეში ციტადელის კოშკების მსგავსი ოთხკუთხა კოშკი დგას.

ბებრისციხე საყურადღებო საფორტიფიკაციო ნაგებობაა. იგი ჩრდილოეთიდან იცავდა მცხეთას.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები