ბედიანიძე დალილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბედიანიძე დალილა – (1952), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ყვარელში, დაამთავრა თსუ. მის მიერ გამოცემული ლექსების კრებულებიდან აღსანიშნავია: „კეთილი მოგზაურობა” (1979), „ალო” (1984), „ჰაი” (1995), „წვეთები და ნამცეცები” (1985), „ნეტავ” (2003), „ცათა მხილველი” (2006), „ფიქრდიდობა” (2008). გამოქვეყნებული აქვს არაერთი თარგმანი ძველი ბერძნული, ინგლისური, უნგრული ენებიდან.
- * * *
- ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
- რომ შენც მელოდი ძალიან,
- ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
- და წვიმა პატარძალია.
- ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
- და მომეხვიე ტალღებით.
- სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
- მზე დადის წითელ წაღებით.
- ზღვაო, ეგ შენი სინაზე
- ათას უფლისწულს ეყოფა.
- გეხვევი მტრების ჯინაზე
- ჩემს უღალატო მეგობარს.
- ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
- და თავს გაწონებ ოცნებით
- და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
- მეც ვეგებები კოცნებით.
- ზღვაო, ნუმც განმეშორები,
- შენი მზე ნატვრისთვალია.
- ყოველთვის მემახსოვრები –
- ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.