ბეჟანოვი გრიგოლ
გრიგოლ აკიმის ძე ბეჟანოვი – (1897-14.05.1965), სომეხი გენერალ-მაიორი (09.07.1945).
დაიბადა ტფილისში, მკერავის ოჯახში. 1917 წელს დაამთავრა ტფილისის I კომერციული სასწავლებელი და 1918 წელს შევიდა ტფილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
1929 წელს ექსტერნად ჩააბარა 4 კურსის გამოცდები (რკინიგზის ექსპლუატაციის ინჟინრის სპეციალობით) ტფილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში.
1918-1919 წლებში მუშაობდა ტფილისში, თამბაქოს ქარხანა „Дым“-ში - ექსპედიტორად.
1919-1920 წლებში მსახურობდა სომხეთის არმიის, მე-11 სამთო ბატარეაში, საქმის მწარმოებლად მობილიზაციის დარგში (ერევნის გუბერნიის, სოფ. კამარლიში).
1920 წლიდან მსახურობდა სომხეთის წითელ არმიაში, ერევნის სამხედრო ჰოსპიტლის ზედამხედველად.
1923 წლიდან მსახურობდა სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიაში, საგზაო-სატრანსპორტო საგანგებო კომისიის ოპერატიული პუნქტის უფროსად (ქ. ტფილისი).
1923-1924 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამხედრო დაცვის ინსპექტორად.
1924-1931 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს დირექტორის მოადგილედ და სამობილიზაციო განყოფილების უფროსად.
1931 წლიდან მსახურობდა შინსახკომის სისტემაში.
1931-1934 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის რკინიგზის შინსახკომის, სადგურ ლენინაკანის საგზაო- სატრანსპორტო განყოფილების უფროსად.
1934-1935 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის რკინიგზის, შინსახკომის, სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს, საგზაო-სატრანსპორტო ქვეგანყოფილების უფროსად.
1935-1937 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის შინსახკომის, სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, სატრანსპორტო განყოფილების ქვეგანყოფილების უფროსად.
1937-1938 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ასსრ, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, მე-3 ქვეგანყოფილების უფროსად.
1938-1939 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ასსრ შინსახკომის მოადგილედ.
1939-1940 წლებში მსახურობდა ლენინგრადის ოლქის შინსახკომის სამმართველოს, წყლის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის მოადგილედ და ამიერკავკასიის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსის მოადგილის დროებით შემსრულებლად.
1940-1941 წლებში მსახურობდა ლენინგრადის ოლქის შინსახკომის, სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების (ქალაქის) უფროსად და ლენინგრადის ოლქის შინსახკომის სამმართველოს წყლის ტრანსპორტის განყოფილების უფროსად.
1941-1942 წლებში მსახურობდა შინსახკომის ოქტომბრის რკინიგზის სატრანსპორტო განყოფილების უფროსად.
1942-1943 წლებში მსახურობდა ლენინგრადის ოლქის შინსახკომის სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსად.
1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკის წოდება.
1944 წლის 12 ივლისს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების კომისრის სპეციალური წოდება.
1943-1944 წლებში მსახურობდა სტავროპოლის მხარის შინსახკომის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
1944-1947 წლებში მსახურობდა ყაბარდოს ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრად (მინისტრად), ხოლო 1945-1947 წლებში ტიურინგიის მიწის (გერმანია) შინსახკომის-შსს-ს ოპერატიული სექტორის უფროსად.
1947 წლის 10 დეკემბერს იქნა დაპატიმრებული.
1951 წლის 17 ოქტომბერს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე წლის 30 ოქტომბერს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ჩამოერთვა გენერალ-მაიორის წოდება სამსახურეობრივივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის და სოციალისტური ქონების დატაცებისათვის.
1953 წლის 20 ივლისს იქნა განთავისუფლებული. იმავე წლის 15 აგვისტოს ის აღადგინეს გენერალ-მაიორის წოდებაში, სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმის შეწყვეტით და მისი სრული რეაბილიტაციით, შსს ორგანოდან დათხოვნილია 1953 წლის 1 აგვისტოს, ავადმყოფობის გამო.
საბრძოლო დამსახურებისათვის და ჯილდოებული იყო ლენინის, (1945), წითელი დროშის (1944,1944,1944), სამამულო ომის II ხარ.(1944), წითელი ვარსკვლავის (1942), საპატიო ნიშნის (1943) ორდენებით.
მიღებული ჰქონდა შინსახკომის დამსახურებული მუშაკის (1942) სამკერდე ნიშანი, და ოქროს საათი წარწერით „საბჭოთა მთავრობის დავალების ბრწყინვალე შესრულებისათვის“ (1932).
გარდაიცვალა და დაიკრძალა თბილისში.