ბერგამოტი (ციტრუსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერგამოტი (ციტრუსი)

ბერგამოტი - (Citrus bergamia Risso et Poito) ძვირფასი ეთერ-ზეთოვანი ციტრუსოვანი მცენარეა. ის წარმოადგენს 2,5–4,0 მეტრის სიმაღლის ხეს ან ბუჩქს; დატოტვა მეჩხერი აქვს, ტოტები, მაღლაა აშვერილი. მთავარი ტოტი – 3–5-ია. დატოტვის კუთხე 25–300-ს უდრის. ტოტები მაგარია, მუხლთაშორისები მოკლეა, 6–7 სმ. სიგრძისა; მუხლადობა ხშირი აქვს.

ყლორტი, ეკალი, ფოთოლი ყვავილი

ყლორტები მრგვალია, მუქი მწვანე, შეუბუსავი. ახალგაზრდა ყლორტები ღია მწვანეა. კვირტები საშუალო ზომისაა, შეუბუსავი. ეკლები წვრილია, მეჩხერი და ძალიან მახვილი. ფოთოლი მოგრძო ოვალურია, 9X5 სმ., გლუვი მწვანე, მბზინვარე. ფოთლის ყუნწი 1,5X1,8 სმ. სიგრძისაა, ვიწრო ფრთიანი; როგორც გამონაკლისი, ფართოფრთიანიც გვხვდება.

ყვავილი თითოეულა, ორ-ორად ან მტევნადაა შეკრებილი. ყვავილობა ერთდროული იცის. მასობრივად ყვავილობს მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე; ჯამის ფოთოლაკები შეზრდილია და მწვანე. გვირგვინის ფურცლები განცალკევებულია, თეთრია; ბუტკოს სვეტი საშუალო სიგრძისაა, დინგი პატარაა, ხშირად დეფექტურიც. მტვრიანები 15–20-ია, მტვერი უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა.

ნაყოფი

ნაყოფი მსხლისებრი ან მომრგვალოა, სიმაღლე – 4,5–6,0 სმ., დიამეტრი – 5,5–6,5 სმ. ნაყოფის ბოლოზე თითქმის ყოველთვის შერჩენილია ბუტკოს სვეტის ნაშთი. ნაყოფის კანი ცოტათი ბორცოვანია, ან გლუვია. სისქე 0,5–0,7 სმ-ია, ღია ყვითელი ფერისაა და შეიცავს დიდი რაოდენობით სასიამოვნო არომატის მქონე ეთეროვან ზეთს (1,42 %).

ნაყოფი 11–12 არათანაბარზომის სეგმენტებისაგან შედგება. საწვნე უჯრედები წვრილია, თითისტარისებრი ან წაგრძელებული ფორმისა. წვენი ცოტა აქვს, მკრთალი მოყვითალო ფერისა და მჟავე გემოსი. სირბილე ყვითელი ფერისაა და შედარებით მშრალი კონსინსტენციისა. თესლი არა აქვს, ან მცირე რაოდენობით (3 – 7). მოსავლიანობა უხვი იცის. მწიფდება ნოემბრის ბოლო რიცხვებში.

რემონტატურობა არ ახასიათებს. ყინვის ამტანიანობა ნაკლები აქვს. ბერგამოტი ჩვენში ახალი კულტურაა. ამ მცენარეს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს; მისი ნაყოფის კანიდან, ყვავილებიდან და აგრეთვე ახალგაზრდა ყლორტებიდან ვღებულობთ უძვირფასეს ეთეროვან ე. წ. ბერგამოტის ზეთს, რომელსაც გამოყენება აქვს საპირფარეშო წარმოებაში.


Logo1.JPG ბერგამოტი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები