ბერე-დილი (მსხლის ჯიში)
ბერე-დილი – (Beurré Diel, Diels Butterbirne, Beurré impérial, Beurré magnifique და სხვა). მსხლის ჯიში ბერე-დილი როგორც თესლნერგი შემთხვევით ნაპოვნია ბელგიაში მე-XIX საუკუნის დასაწყისში (1811 წ.) ერთ-ერთი ფერმერის Des Trois Tours-ის ბაღში მაბაღე მერისის მიერ და მიკუთვნებული აქვს ცნობილი გერმანელი პომოლოგის დიდი სახელი. ფართოდ გავრცელებულია ევროპის მრავალ ქვეყანაში: თვით ბელგიასა, საფრანგეთსა, იტალიასა და ჩვენს კავშირში; სახელდობრ, ყირიმსა, კავკასიასა და საქართველოში.
საქართველოში ბერე-დილი ქართლის მეხილეობის რაიონებში გვხვდება ცალკეულ ხეებად კოლმეურნეების კარმიდამოებზე; მთლიან ნარგავებად კი ბერე-დილი საქართველოში არსად არ გვხვდება. საქართველოს სხვა რაიონებშიაც ვხვდებით მის ცალკეულ ხეებს, ოღონდ იშვიათად.
ნაყოფი მსხვილი აქვს, მსხლისებრი მოყვანილობის, უფრო განიერი, ნაყოფის შუა ნაწილში და ვიწრო, ყელთან ხშირად ცვალებადი ფორმისაა. ხშირია როდესაც თითო ნაყოფი 700–800 გრამს იწონის. ლიტერატურაში არის ცნობები იმის შესახებ, რომ თითო ნაყოფი ზოგ შემთხვევაში კილოგრამზე მეტს იწონის. ნაყოფი საკმაოდ ავადდება ქეცით. გამობმა იცის თითო-თითოდ, ხან წყვილ-წყვილად.
ნაყოფის ყუნწი მსხვილია, გრძელი, ოდნავ მოღუნული და ირიბად ზის პატარა განიერ ღრუში. ჯამი ღიაა და ზის განიერ და არაღრმა ღრუში.
ნაყოფის კანი ძლიერ ნაზია, თხელი, მკვრივი და გლუვი, ზედაპირზე მოფენილია მსხვილი მორუხო-მონაცრისფრო წერტილებით, უფრო მეტად ყუნწისა და ჯამის ღრუსთან. ამ ადგილებშივე უჩნდება ჟანგაროს ხალები. მოკრეფისას მომწვანოა, სრული სიმწიფისას კი ნაყოფი მთლიანად ბუნდი ყვითელი ფერისა ხდება, ხოლო მზის მხარეზე ღია ყვითელ ფერს ღებულობს, იშვიათად მოვარდისფრო ლოყით.
ნაყოფის ხორცი თეთრია, ძლიერ ნაზი, ნახევრადმდნარი, ძლიერ სურნელოვანი, წვნიანი, ტკბილი. იშვიათად, ცუდი კვების პირობებში, საკმაოდ მახრჩობელაც (ტანიდიანი) გამოდის. ითვლება შემოდგომის ძვირფას სასუფრე ჯიშად.
ხე ძლიერ საღი და ღონიერი იზრდება, ცოცხლობს დიდხანს. შედარებით ძლიერი ზრდისაა, მაშინაც კი, როდესაც იგი კომშზეა დამყნილი. მართალია, ბერე-დილის ხე სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე კარგად ვითარდება, მაგრამ ნოყიერ ღრმა ზომიერ-ტენიან, და კარგი ფიზიკური თვისებების ნიადაგებზე მეტად კარგად იზრდება და მოსავალსაც უხვსა და ამასთანავე მაღალხარისხოვანს იძლევა.
ხე ადრე იწყებს მოსავლიანობას. მიუხედავად მისი ყვავილების საკმაოდ დიდი მგრძნობიარობისა ყინვების მიმართ, თითქმის რეგულარულად იძლევა უხვ მოსავალს. უსათუოდ მყუდრო და უქარო ადგილებია საჭირო ბერე-დილის ფართო საწარმოო მიზნით გაშენებისას. ახალგაზრდა ხე სანერგეში ადვილად ზიანდება ყინვებისაგან, დიდი კი საკმაოდ ყინვაგამძლეა. ყვავილობა ადრეული იცის, ნაყოფს იწევენ სექტემბრის დასაწყისში და საწყობში 2–3 თვის მანძილზე ინახება. რაც უფრო ხანგრძლივად ასხია ნაყოფი ხეზე, მით უფრო მაღალხარისხოვანი გამოდის.
კარგად გვარობს როგორც ძლიერ, ისე სუსტ საძირეზე, ჩვენს პირობებში ტიპიური შემოდგომის ჯიშია; ბერე-ბოსკთან ერთად შემოდის და რადგანაც ბერე-ბოსკის ნაყოფი გაცილებით უკეთესი ხარისხისაა და უფრო მეტი საწარმოო-სამეურნეო ღირებულების არის, ამიტომ ბერე-დილს არ შეუძლია ბერე-ბოსკის გაუწიოს მეტოქეობა საქართველოს პირობებში.