ბერინგი ვიტუს
ვიტუს ბერინგი – (დან. Vitus Jonassen Bering, 1680 - 1741 წ.წ.), დანიელი მეზღვაური.
ვიტუს ბერინგი დაიბადა ზღვის სანაპირო ქალაქ ჰორსენსში. 1703 წ. დანიიდან ის გაემგზავრა ზღვით ხანგრძლივ მოგზაურობისათვის ოსტ-ინდოეთში. 1704 წ. მან მიიღო წინადადება ვიცე-ადმირალ კრიუისისა და გადმოვიდა რუსეთის ფლოტის სამსახურში. პეტრე I დაებადა აზრი მოეწყო ექსპედიცია, რათა გამოერკვია საკითხი – შეერთებულია თუ არა აზია ჩრდილო ამერიკასთან. ამ ექსპედიციის უფროსად დანიშნული იქნა ვ. ბერინგი, რომელმაც 1725 წლიდან 1730 წლამდე თავის თანამგზავრებთან ერთად (ალექსი ჩირიკოვი, მარტინ შპანბერგი, პეტრე ჩაპლინი, ორი გეოდეზისტი და 60 მეზღვაური) მოაწყო თავისი პირველი შორეული ექსპედიცია და მეორეჯერ (კაზაკ დეჟნევის შემდეგ) გაიარა სრუტე, რომელიც აზიის კონტინენტს გამოყოფს ამერიკისაგან და აღმოაჩინა რამდენიმე კუნძული.
ბერინგის პირველი მოგზაურობა აღწერილია წიგნში – რუსების პირველი ზღვით მოგზაურობა, რომელიც მოხდა გეოგრაფიული ამოცანის გადასაწყვეტად უერთდება თუ არა აზია ამერიკას და რომელიც მოხდა 1727-28-29 წლებში, ფლოტის პირველი რანგის კაპიტან ვიტუს ბერინგის მეთაურობით, კაპიტან ბერინგისა და მასთან მყოფ ოფიცრების მოკლე ბიოგრაფიული ცნობების თანდართვით, გამოცემული 1823 წ. (პეტერბურგში) ვასილ ბერხის მიერ, შედგენილი ექსპედიციის მონაწილის მიჩმან პეტრე ჩაპლინის დღიურის მიხედვით (1725-1731 წ.წ.) „Журнал бытовая Камчатская экспедиции“.
ბერინგი ხელმძღვანელობდა აგრეთვე მეორე ექსპედიციას, რომელსაც თავის მასშტაბით და მნიშვნელობით გამორჩეული ადგილი უჭირავს რუსეთის არქტიკის ათვისებაში; ამ ექსპედიციამ სავსებით სამართლიანად მიიღო „დიადი ჩრდილო ექსპედიციის“ სახელწოდება (1733-1743 წ.წ.). ამ ექსპედიციამ გამოიკვლია რუსეთის მთელი ჩრდილო სანაპიროები არხანგელსკიდან კამჩატკამდე და აღმოაჩინა კომანდორის, ალეუტის და სხვა კუნძულები. „დიადი ჩრდილო ექსპედიციის“ დროს ბერინგი გარდაიცვალა კომანდორის ერთ-ერთ კუნძულზე.