ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებიბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია 8 ქართული ხელნაწერი:

სარჩევი

Ms. or. fol. 573/WdtB (ehem. PrSB). იოანე ოქროპირის ჟამისწირვა.
ჟამისწირვა

XV-XVI სს. გრაგნილი; ეტრატი; 5 კეფი; 15×178 სმ.; ნუსხური; მელანი ყავისფერი; ნაკლული; შეძენილია ქაიროში. XI ს. გავრცელებული რედაქცია. ფრაგმენტები შეუსწავლელია. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა მარბურგში (Assfalg 1963 (a): 2-3).

Ms. or. oct. 283/WdtB. (PrSB). ჟამნი. 1728 წ. 240 ფ.; ქაღალდი; 10,5×15,5 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები წითლით; მუქი ყავისფერი ოქრიტვიფრული ტყავის ყდა. ყდის შიდა მხარეს იკითხება XVIII ს-ის მინაწერები. ხელნაწერი გადაწერილია ასტრახანში. გადამწერის ცნობით, დედნად გამოყენებულია ჟამნის ბეჭდური და ხელნაწერი კრებულები. ამ ხელნაწერის შექმნისას უკვე არსებობდა „ჟამნის“ ტექსტის 1710, 1717, 1722 წლების გამოცემები (შარაშიძე 1959: 188, 189, 202, 207). ტექსტი შედგება 4 ნაწილისაგან: I. „აღვიარება“, II. „ჟამნი“, რომელსაც მოჰყვება ლიტურგიკული წლის კალენდარი (1 სექტებერი-31აგვისტო) მარხვისადა ზატიკის პერიოდის მასალა, III. „ჟამნის“ ზანდუკი, ანუ სარჩევი. IV კვინკლოსთა ცხრილი განმარტებებით, ნიკოლოზ ტფილელის „სარწმუნოები სათვის“. წიგნს ახლავს სოლოღაშვილთა საგვარეულოს წევრების 1742-1755 წწ. ქრონიკალური ცნობები, ინფორმაცია რუსეთ-პრუსიის ბრძოლის შესახებ 1757 წლის 19 აგვისტოს. ფრაგმენტები შეუსწავლელია. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა მარბურგში (Assfalg 1963 (a):7-13).

Ms. or. oct. 168/WdtB (ehem PrSB). კათოლიკური კრებული.

1778 წ. 74 ფ.; ქაღალდი; 11x16 სმ.; მხედრული; XVIII საუკუნის ტვიფრული ტყავის ყდა. ტექსტი ნაკლულია. ხელნაწერი გაფორმებულია ტექსტის მელნით შესრულებული გაფერადებული ნახატებით, რომლებიც შეიცავს ეპიზოდებს იესოს ქრისტეს ცხოვრებიდან. მხოლოდ ერთ მინიატურას აქვს ქართულად განმარტებითი წარწერა. ქვემო ნაწილში 2-იარუსად გამოსახული არიან წმინდანები. კრებულში შესულია: „წმიდა წირვის მოსმენის საიდუმლოებანი“; „ლითანია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ“. ლოცვები თარგმნილი უნდა იყოს ლათინურიდან და ლათინური მინაწერები მექანიკურად არის გადატანილი ტექსტში. მინაწერების უმეტესობა აღარ იკითხება. ფრაგმენტები შეუსწავლელია. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა მარბურგში (Assfalg 1963 (a): 13-16).

Ms. or. fol. 2096/WdtB (ehem. PrSB). ავგაროზი.

XIX ს.; ქაღალდი; გრაგნილი; 3 კეფი: 8×50სმ.; 8×23,5სმ.; 8×20,5 სმ.; დაშლილი. მხედრული; გაფორმებულია: ჩვილედი ღვთისმშობელის, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების, ვედრების, წმინდა სამების, წმ. გიორგის, წმ. მარინეს, მახარებელთა და ქერუბიმის გამოსახულებებით. გრაგნილი არის XVIII-XIX სს-ის ტიპური ავგაროზი, ანუ თილისმა, რომელშიც შესულია კურნებასთან დაკავშირებული ლოცვები და სახარების ცალკეული მუხლები: მათე 1,1, 20-28; 8, 5-9; 8, 9-13, მარკოზი 1, 1-2; იოვანე 1,1,14-17. ამ პერიოდის ავგაროზები შესწავლილია (ჩხიკვაძე 2007: 154-162). ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა მარბურგში (Assfalg 1963 (a):16-19).

Ms. or. minutoli. 135a/UB (ehem.PrSB). ოთხთავი

ფრაგმენტები). XII ს. 2 ფ.; ეტრატი; 19,5×23, 5 სმ.; ნუსხური, მელანი შავი, საზედაო ასოები სინგური. ფრაგმენტები შეიცავს: მარკოზის 14, 9—14, 31(1 r-v) ; იოვანეს 14,19-15,7 (2r-v). ტექსტი გიორგი მთაწმიდელის რედაქციისაა. რედაქცია გამოქვეყნებულია (იმნაიშვილი 1979: 133-243). ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა ტუბინგენში (Assfalg 1963 (a): 1-2).

Ms. or. fol. 926/UB (ehem. PrSB). იოანე ოქროპირის ჟამისწირვა

XV ს. ეტრატი; ნუსხური; 4 თავნაკლული გრაგნილი: I. სამი კეფი: 13×60 სმ.; 13×69 სმ.; 13×29 სმ.; საზედაო ასოები წითლით; კეფის წინა მხარე შემკულია ცხოველთა ფერადი გამოსახულებებით. გრაგნილს აქვს მინაწერები ორივე მხარეს; II. სამი კეფი, 23×21 სმ.; 23×76 სმ.; 23×54 სმ. კეფის ორივე მხარეს ერთვის გაუწაფავი ხელით შესრულებული მინაწერები. გვიანდელი რედაქცია; III. სამი კეფი, 22×34 სმ.; 22×17 სმ.; 22×94 სმ.; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. ადგილ-ადგილ ასოები გამოტოვებულია და სტრიქონები ძნელად იკითხება. გრაგნილი დამაგრებულია კონდაკზე. ზურგის ნაწილი უკავია მინაწერებს; IV. ერთი ჟამისწირვის სხვადასხვა ფრაგმენტი სამ კეფად: 19×21,5 სმ.; 19×71 სმ.; 19×72 სმ. ტექსტი ნაწერია ორ სვეტად. განთავსებულია მხოლოდ წინა მხარეს, recto-ზე; საზედაო ასოები და სათაურები სინგურით. ფრაგმენტები შეუსწავლელია. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა მარბურგში (Assfalg 1963 (a):3-7).

Ms. or. quart. 345/UB (ehem. PrSB) კრებული.

1838 წ. XIX ს. 85 ფ.; კონვოლუტი; 17,5×22 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; მესამე თავის სათაური წითლით; ტყავის ყდა. კრებულში შესულია: I. სოლომონ ლიონიძის „შემოკრებული ისტორია ქართლისა მეორე ირაკლისა მეფისა“ (1r-45v). თხზულებაში მიმოხილულია 1781 წლამდე სამეფოსა და აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. გადამწერი: სოლომონ კონსტანტინესძე (გვ. 170); II. ანდერძი იესუ ქრისტეს ჯვარცმისა, XIX ს. (47r-59v), გადამწერი: სტეფანე ლომოუვი (57r); III. ქადაგებანი, 15ფ. ტექსტი შეიცავს ანონიმი ავტორის ცხრა ქადაგებას(61r-77v); IV. სოლომონ ლიონისძის „ერეკლე II-ის დატირება“ (78r-85v), 1838 წ. გადამწერი: სოლომონ კონსტანტინისძე. ბოლო ტექსტს ერთვის გადამწერის ანდერძი, რომელის თანახმადაც I და IV ტექსტები გადაწერილია სოლომონ ლიონიძის თხზულების დედნიდან. II და III ნაწილები შემდგომ უნდა შესულიყო ხელნაწერში. კრებული შეუსწავლელია. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა ტუბინგენში (Assfalg 1963 (a):21-25).

Ms. or. quart. 279/UB (ehem. PrSB). სულხან -საბა ორბელიანი. „ლექსიკონი ქართული“

1836 წ. 342 ფ.; ქაღალდი; 16×21 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები წითლით; XIX-ის I ნახევარის შავი ტყავის ტვიფრული ყდა, ტყავის ორი საკეტით; გადამწერი: დავით ბოდბელი ეპისკოპოსი. ხელნაწერში შედის ლექსიკონის ტრადიციული თავები და დანართები: ანბანი სასწავლო ყრმათათჳს; ანდერძნამაგი ამის მუშაკისა; ეკფონეტიკურ და ლექსიკონში გამოყენებულ ნიშანთა განმარტებანი; ლექსიკონი ქართული (6r-331r); იესო ქრისტეს 72 მოწაფის სახელთა ჩამონათვალი; ვახტანგ მეფისაგან თქმული, ქართული სამოხელეო სახელები; ქრონიკალური ცნობები (332r-336v). ბატონიშვილს უჩუქებია პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის შესაბამისი წარწერით (5Av). ხელნაწერს აქვს თეიმურაზ ბატონიშვილის შესრულებული მინაწერი (6r). ამ ცნობების გარდა, ხელნაწერის ზედა ყდის მხარეს იკითხება ბოდბელ მიტროპოლიტ დავითის 1728-1764 წწ. ბიოგრაფიული მონაცემები. თეიმურაზ ბატონიშვილის წარწერა გამოცემულია შესაბამის კომენტარითურთ (იორდანიშვილი 1948:76). ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკამდე ინახებოდა ტუბინგენში (შდრ.: Assfalg 1963 (a): 25-29).

Hs. or. 14561. ოთხთავი.

1729 წ. 325 ფ.; 4×4,9 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; ადგილ-ადგილ ნაწერია წითლით. ტექსტი გაფორმებულია XIX ს-ის ერთადერთი მინიატიურით, რომელზედაც ლუკა მახარებელია გამოსახული ხარის სიმბოლოთი. ყდა ვერცხლის, ზედა ფრთის ცენტრში გამოსახულია მაცხოვარი, კუთხეებში – ოთხი მახარებელი. ქვედა ფრთაზე გვხვდება აღდგომის სიუჟეტი. ყუა რელიეფურია, მასიური, ქვედა ფრთაზე აქვს 4 ნახევარსფერო, რომლებსაც სადგამის დანიშნულება აქვთ. ეს დეტალი დამახასიათებელია რუსული წარმომავლობის ყდებისათვის. გადამწერი: დავით მღდელი. ტექსტი რედაქციულად არაა შესწავლილი. ხელნაწერს ერთვის გადამწერის არაერთი ანდერძ-მინაწერი.

Ms. or. oct. 169. ზღაპარი.

XIX ს. 51 ფ.; ქაღალდი; 9×8,8 სმ.; ყავისფერი მელანი; XIX-XX სს-ის ყდა ყავისფერი ქაღალდგადაკრული მუყაოსი; გადამწერი: მელანია გედევანცის ასული: ,,ქ. დასრულდა ქალი და ვაჟის ბასი (!) ძალისა მღვთისათა. აღწერა მელანია გედევანცის ასულმან სრულებით“ (50v).

Hs. or. 7931. ფსალმუნი.

1795 წ. არ აქვს ფურცლობრივი სათვალავი; ქაღალდი; 16×11 სმ.; მხედრული; შავი მელანი, მუხლების პირველი ასოები წითლით. ხელნაწერი უყდოა, თხელ მუყაოზე დაკრულია ყდის საცავი ფურცლები; ყუაზე შემორჩენილია ტყავის მცირე ფრაგმენტი, რომელიც XIX ს.-ით თარიღდება. წიგნი პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი იყო. ხელნაწერი ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში შესულია ასფალგის აღწერილობის გამოსვლის შემდგომ.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები