ბერნარ-მარი კოლტესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლტესი ბერნარ-მარი - (ფრ. KOLTÈS BERNARD-MARIE. 1948 - 1989). ფრანგი დრამატურგი.

ბიოგრაფია

ბერნარ-მარი კოლტესი 80-იანი წლების ახალი თაობის ფრანგული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი დებიუტანტია. იგი დაიბადა 1948 წელს სამხედროს ოჯახში. ახალგაზრდობა მეცსა და სტრასბურგში გაატარა, ბოლოს ცხოვრობდა პარიზში. გარდაიცვალა 1989 წლის 20 აპრილს შიდსისგან.

ბერნარ-მარი კოლტესი სწავლობდა სტრასბურგის ნაციონალური თეატრის თეატრალურ კურსებზე, მიიღო რეჟისორის დიპლომი (1972). მოყვარულთა დასისთვის მოამზადა მ. გორკის „ბავშვობის“ ინსცენირება, შეთხზა ათობით ავანგარდისტული პიესა. დრამა „ღამე ტყის პირას“ ნაჩვენები იყო 1977 წლის ავინიონის ფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამაში, მოგვიანებით კი დაიდგა პარიზისა და ლილის თეატრებსა და საზღვარგარეთ.

აღიარება კოლტესთან მას შემდეგ მოვიდა, რაც მის შემოქმედებას დაუკავშირდა ცნობილი ფრანგი რეჟისორი პატრის შერო, პარიზის გარეუბან ნანტერში მდებარე თეატრ „ამანდიეს“ მაშინდელი ხელმძღვანელი. სპექტაკლი „შეტაკება ზანგსა და ძაღლებს შორის“ ფრანგული თეატრალური სეზონის მოვლენად იქცა.(„Combat de nègre et de chiens“, 1983). კოლტესმა მიიღო თეატრალურ ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების პრემია, როგორც სეზონის საუკეთესო დებიუტანტმა. მკაცრი, მშრალი პიესა, რომელშიც რეალიზმი სიმბოლიზმამდეა ჩამოთლილი-დახვეწილი, მოგვითხრობს რასიზმზე, იმის შესახებ, თუ როგორ კარგავენ ადამიანურ სახეს თეთრკანიანი ინჟინრები, რომლებიც აფრიკაში მშენებლობაზე არიან ჩასული. სიმართლე ზანგის მხარეზეა, რომელიც მათ დაუპირისპირდება.

ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა კოლტესისა და შეროს შემდგომი ნაშრომი „დასავლეთის სანაპირო“ („Quai Ouest“, 1986), რომელშიც მოთხრობილია ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრების ფსკერზე აღმოჩნდნენ: გაკოტრებული ბიზნესმენები, მათხოვრები, მცირეწლოვანი კახპები, არაბი ემიგრანტები, ომის ინვალიდი, რომელიც მკვლელობის მანიითაა შეპყრობილი.

ორ მსახიობზე გათვალისწინებულმა კამერულმა დრამამ - „მარტოდმარტო ბამბის მინდვრებში“ („Dans la solitude des champs de coton“), რომელიც 1987 წელს დაიდგა, ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსთა და მაყურებელთა შორის. ამავე ნაწარმოებს წილად ხვდა დიდი წარმატება 1988 წლის ავინიონის ფესტივალზე. პატრის შეროს სიტყვებით (მან თავადვე შეასრულა ვაჭრის როლი), იგი „ცდილობდა დაეკავშირებინა განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფიური სულის დიალოგები საცირკო კლოუნადასთან“. პიესა აგებულია, როგორც უნივერსალური მოდელი ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობებისა - მძიმე, თითქმის შეუძლებელი და საჭირო, როგორც პური. ეს კაფკასეული აბსურდული და ლოგიკური ურთიერთბრძოლაა ქვეცნობიერ სურვილთა, შიშებსა და ცდუნებათა შორის.

იგივე პრობლემებს, ოღონდ არა მეტაფიზიკური, არამედ რეალისტური მიდგომით ხსნიან პერსონაჟები პიესისა „უდაბნოში დაბრუნება“ („Le Retour au désert“), რომელიც 1987 წელს განახორციელა პატრის შერომ.

კოლტესის გმირები მძაფრად გრძნობენ საკუთარ მარტოობას, უსუსურობას. ისინი ცხოვრობენ შეურაცხყოფის მუდმივ მოლოდინში. მათთვის სამყარო მხოლოდ და მხოლოდ დიდი უდაბნო ან თუნდაც აფრიკული ჯუნგლები თუ ბამბის მინდვრები, ნიუ-იორკის ჯურღმულები თუ სტატისტიკურად საშუალო ზომის ქალაქია. ადამიანებს შორის ურთიერთობა სამყაროსეული, კოსმიური ბაზრობაა, სადაც ანგარიშსწორება სიცოცხლით, გონებით, სანუკვარი ოცნებებით ხდება. აგრესიულობა და ძალადობა ურთიერთობის ძირითად ფორმებად იქცევა, ხანდახან თუ გამოკრთება მათთვის ფარული სითბო და თანაგრძნობა. დაუნდობელ მტერთან ურთიერთობა სჯობს მარტოობას, - ამტკიცებს ავტორი.

კოლტესი წერს მარტივი, მაგრამ ამავე დროს სტილისტიკურად დახვეწილი ენით. სიუჟეტს აგებს მეტაფორების, ასოციალური სვლების, ფსიქოლოგიური ქვეტექსტების გამოყენებით. კარგად ნაცნობ და ამავე დროს უჩვეულო სამყაროს მიღმა ისეთი უძველესი მითები წარმოიქმნება, რომლებიც თავად იქვემდებარებენ მოქმედებას. მის კალამს მიეკუთვნება დრამები: „სელინჯერი“ (რომლის დადგმაც ცნობილმა რეჟისორმა ბრუნო ბეგლინიმ განახორციელა ქალაქ ლიონში); რადიოპიესები: „მემკვიდრეობა“, „ყრუ ხმები“; რომანი-დიალოგი „გაქცევა ცხენით ქალაქის სიღრმეში“ (1984). კოლტესის ერთ-ერთი ბოლო პიესაა „რობერტო ზუკო“ („Roberto Zucco“). მისი პიესები დიდი წარმატებით იდგმება აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, ნიდერლანდებში, სკანდინავიის ქვეყნებში.

გამოცემები ქართულ ენაზე

  • უდაბნოში დაბრუნება = Le Retour au Desert : [პიესა / ფრანგ. თარგმნა ეკა ენუქიძემ].
  • ზანგისა და ძაღლების ბრძოლა : [პიესა] / ბ. კოლტესი ; თარგმ. მ. ბაქრაძემ. აფრა თბილისი, 2000. N8, გვ.241-274

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები