ბერნიე ფრანსუა
ფრანსუა ბერნიე – (ფრანგ. François Bernier; 25 სექტემბერი 1620 — 22 სექტემბერი 1688), ფრანგი ექიმი, ფილოსოფოსი და მოგზაური.
ფრანსუა ბერნიე დაიბადა 1625 წ. მონპელიეში კონოკორდის ახლოს. 1652 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი მონპელიეში (პროვანსი). იმავე წელს მან ჩააბარა გამოცდა მედიცინის დოქტორის წოდებაზე. მის გონებრივ განვითარებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა ცნობილ ფილოსოფოს-მატერიალისტმა გასენდიმ (1592-1655 წ.წ.). 1654 წ. ბერნიემ იმოგზაურა პალესტინასა და სირიაში. 1656-1658 წ.წ. მან ინახულა ეგვიპტე და არაბეთი და, ბოლოს, ჩავიდა სურატში, სადაც იყო ევროპელების სავაჭრო კომპანიათა ფაქტორიები ინდოეთში. გამოიარა რა ბევრი განსაცდელი, ბერნიე მოხვდა დიდი მოგოლის აურენგზების სამსახურში. ბერნიემ ინახულა ინდოეთის მრავალი რაიონი და ქალაქი და მოგეცა მათი აღწერა, დე-ლა-მოტ-ლე-ვაიესადმი მიწერილ წერილში ის ეხება ინდოეთის ქალაქებს - დელის, აგრის და ლაგორეს. 1655 წ. მან ინახულა ქაშმირი და მოგვცა ამ მხარის აღწერა. აქედან ბერნიემ შეასრულა დიდი მოგზაურობა, გაიარა დიდი მოგოლების მთელი იმპერია და ჩავიდა ბენგალიაში, სადაც ის შეხვდა ფრანგ მოგზაურ ტავერნიეს ქალაქ ალაჰაბადთან. 1666 წ. ბენგალიიდან ბერნიე გადავიდა გოლკონდში. 1667 წ., როდესაც ის ბრუნდებოდა საფრანგეთში, ინახულა ირანი. 1669 წ. დაბრუნდა სამშობლოში, სადაც გამოაქვეყნა წიგნი და წერილები თავისი მოგზაურობის შესახებ. „ბერნიეს წიგნი შედგება მთელი რიგი (ცალკეული შრომებისაგან, რომლებიც დაწერილია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირობებში… ბერნიეს ყველა ამ შრომისათვის საერთოდ დამახასიათებელია ავტორის მკვეთრი დაკვირვებულობა, უმთავრესისა და არსებითის შემჩნევის უნარი. სხვათა შორის ბერნიეს აქვს ცნობები იმის შესახებ, რომ აურენგზებეს ქეშიკებად (მხლებელ მცველებად) ჰყავდა მონა ქართველები.