ბერძენიშვილი მერაბ
მერაბ ბერძენიშვილი – (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი – გ. 17 სექტემბერი, 2016, სტამბოლი, თურქეთი), ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს მხატვართა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975), საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).
დაიბადა 1929 წელს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში, 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ძირითადად მუშაობს მონუმენტური სკულპტურის დარგში.
მერაბ ბერძენიშვილის მთავარი შემოქმედებითი მიღწევებია დინამიური, შინაგანი დრამატიზმით დამუხტული მონუმენტური სკულპტურები: „ვახტანგ გორგასალი“ (ძეგლის პროექტი, 1958), „დავით გურამიშვილი“ (ბრინჯაო, 1969, თბილისი), „რუსთაველი“ (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), „მედეა“ (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთა), „მუზა“ (ბრინჯაო, 1971, თბილისი), „გიორგი სააკაძე“ (ბრინჯაო 1971, კასპი, 1985 — თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან“ (ბრინჯაო, 1975, მარნეული), ლაოსის მეფის, სისვანდვონგის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ქალაქები ვიენტიანი და ლუანგ-პრაბანგი), „სიყვარული“ (ბრინჯაო, 1976, სოჩა), „დავით აღმაშენებელი“ (პროექტი, 1976, თბილისი), აგრეთვე სკულპტურული პორტრეტები: „ლადო ქოქიაშვილი“ (ბრინჯაო, 1958), „ილია ჭავჭავაძე“ (ბრინჯაო, 1985, თბილისი), „ტიციან ტაბიძე“ (ბრინჯაო, 1994), „დოდო აბაშიძე“ (ბრინჯაო, 1995, თბილისი), ხეზე კვეთილობა „ქართველი ქალი“, რომელიც არაერთი პრიზით აღინიშნა და სხვა.
1975 წელს მერაბ ბერძენიშვილი მონუმენტური სკულპტურისათვის „კიდევაც დაიზრდებიან“ სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა.
იმავე 1975 წელს „გიორგი სააკაძისა“ და ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის მერაბ ბერძენიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
1995 წელს, დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გუნიასთან ერთად, მოქანდაკეს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა, აგრეთვე, წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც.
აღნიშვნის ღირსია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, ცალკე წიგნად გამოცემული „ზარი“ („საბჭ. საქართველო“, 1979), რომელიც ავსებს ჩვენს წარმოდგენას მერაბ ბერძენიშვილის ცხოვრებისა და მრწამსის შესახებ.
2014 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბერძენიშვილის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 2016 წლის 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში.