ბეშქენ ოპიზარი
ბეშქენ ოპიზარი – (XII ს.), ქართველი ოქრომქანდაკებელი, ბექა ოპიზარის უფროსი თანამედროვე, წარმომავლობით, ალბათ ოპიზიდან იყო. ბეშქენ ოპიზარის შესახებ ბიოგრფიული ცნობები არ შემორჩენილა. შემონახულია მისი ერთადერთი ნაწარმოები – ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა. მოგვიანებით ეს სახარება, ბექას მიერ მოჭედილ სახარებასთან ერთად, გელათში მოხვდა, ხოლო 1945 წლიდან ორივე თბილისშია (Q 906].
ბერთის ოთხთავის ანდერძ-მინაწერებში თარიღი მითითებული არ არის. დამკვეთისა და ოსტატის სახელები ყდის ზურგზეა რელიეფური ასომთავრულით გამოჭედილი: „... ოქროპირისა ნივთითა მოიჭედა სახარებაჲ ესე“ და „მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისაჲთა“. ბეშქენ ოპიზარის ამ ნამუშევარსა და წყაროსთავის ოთხთავის ბექასეულ მოჭედილობას შორის განსაკუთრებული სიახლოვეა – წინა პირისა და ზურგის სიუჟეტური სცენები („ჯვარცმა“ და „ვედრება“), მათი შედგენილობა, ფიგურების ქანდაკოვანი გამოსახულება. ერთნაირია მოჩარჩოების თავისებური აგებულება (მონაკვეთებად დანაწევრებული და ძვირფასი თვლების აქცენტირებული არშიებით), ერთი სახისაა ორნამენტი – ფოთლებისა და ყლორტების მონახაზიც, მათი პლასტიკური დამუშავებაც. ყველაფერი ეს იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ბეშქენ ოპიზარი და ბექა ერთ სახელოსნოში მუშაობდნენ (შ. ამირანაშვილის ვარაუდით, ბექა შესაძლოა, ბეშქენის მოწაფეც იყო). განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა, ქრისტეს სამოსლის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები.
ბერთისა და წყაროსთავის სახარებათა მოჭედილობა ნ. კონდაკოვმა ასე შეაფასა: „ორივე ძეგლი უმნიშვნელოვანესი საბუთია მაღალი თვითმყოფადი ხელოვნებისა XI-XII საუკუნეების საქართველოში“.
თ. საყვარელიძე
ლიტერატურა
- ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, თბ., 1956;
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
- Кондаков Н.П., Бакрадзе Д., опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб.,1890 [ქართ. წარწერების განმარტება დ.ბაქრაძისა);
- Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.