ბეწუკელი ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეწუკელი ვახტანგ — (1916 – 1971), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელი მაგრანეთში (თიანეთი). 1940 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1940–1943 წლებში მუშაობდა მასწავლებლად ჯერ გურჯაანის და შემდეგ თიანეთის რაიონებში; 1945 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში და ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნა ფრიდრიხ შილერის „ორლეანელი ქალწული”, „ფიესკოს შეთქმულება” (1964), „დონ კარლოსი”, „მარიამ სტიუარტი” (1952), „ტურანდოტი” (1957). გამოსცა გოეთეს სამტომეული (1962-64), „დრამები” (1956-69), პოემები, ლირიკა. ჰაინრიხ მანის „მეფე ანრი IV-ის სიჭაბუკე”, ჰენრი იბსენის დრამები და სხვა.
- ჰაინრიხ ჰაინე
- თარგმნა ვახტანგ ბეწუკელმა
- მე მათ ძლიერ გამაწამეს,
- ჩამომადნეს, როგორც ცვილი,
- ზოგმა თავის სიყვარულით,
- ზოგმა თავის სიძულვილით.
- თასში შხამი შემირიეს,
- მე მათ მომიწამლეს პური,
- ზოგმა თავის სიძულვილით,
- ზოგმა თავის სიყვარულით.
- მას კი, ვინც მე სხვაზე მეტად
- გამიწამა გული დარდით,
- არასოდეს არა ვძულდი,
- არასოდეს არ ვუყვარდი.