ბზიუშხო
ბზიუშხო (ადიღ. Бзыушхо – „დიდი ფრინველი“) – ადიღური ნართული ეპოსის პერსონაჟი – უზარმაზარი ფრინველი; იტაცებს მზეთუნახავებს, რათა მათი დახსნის მსურველებთან თავისი შესაძლებლობა გამოსცადოს. ეს არცთუ ძალზე ავზნიანი არსება, რომელიც ეპოსის დემონური არწივებისაგან აშკარად განსხვავდება, რატომღაც სამყაროს შემქმნელად ითვლება.
ა. კუიოკის მიერ ჩაწერილ ერთ-ერთ გადმოცემაში მოთხრობილია შემდეგი რამ: „რთხელ შინმიმავალ წინასწარმეტყველ უსარიჟს გზად მთიბავები შეხვდნენ და ჰკითხეს, დღემდე უცნობი რა სიახლე შეიტყო. ნათელმხილველმა უპასუხა: მზის ამოსავალთან ცხოვრობს ენით აღუწერელი მზეთუნახავი, რომლის კანის ფერი თეთრ ბუმბულს ჰგავს, ხოლო წარბები და თმები – კაჭკაჭის შავ ნაკრტენს. ასეთივე ლამაზი ჭაბუკი მზის დასალიერში ცხოვრობს. ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. მოისმინა რა ეს ბზიუშხომ, სამყაროს შემქმნელმა (? – ნ. ა.), გადაწყვიტა, გადაემოწმებინა უსერეჟის ნათქვამი. ფრინველმა მოიტაცა ქალიშვილი და მიუდგომელი მთის მწვერვალზე მიიყვანა. ხოლო ჭაბუკი მზეთუნახავის ძიებაში მთას მიუახლოვდა და ჩრდილის მიხედვით ხვდება, რომ ქალიშვილი მაღლა იმყოფება. ამ უკანასკნელის რჩევით, ვაჟი მთის ძირში მდებარე უშველებელი ლოდის ხვრელში იმალება. შემდეგ მზეთუნახავი ბზიუშხოს თხოვს, რომ ეს ლოდი მაღლა ამოიტანოს, რათა უამინდობისა და ხვატის დროს თავი შეაფაროს. ფრინველმა თხოვნა შეასრულა. ასე შეხვდა ერთმანეთს ქალ-ვაჟი. წლის ბოლოს ბზიუშხომ გადაწყვიტა, ქალიშვილი სახლში წაეყვანა და ხალხისთვის ეთქვა, რომ უსერეჟი ცდებოდა. როცა ფრინველმა ამის შესახებ ტყვეს აცნობა, ქალიშვილმა ეშმაკობას მიმართა და უთხრა: „შენ მე წამიყვან, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმიყვან, ქარი დამღუპავს, ამიტომ უკეთესია, ქვაში ჩასმული წამიყვანო“. ბზიუშხო ასეც მოიქცა. როცა იგი მთიბავებთან დაეშვა და უთხრა, რომ უსერეჟმა ისინი მოატყუა, ქვიდან ქალ-ვაჟი გამოვიდა. ბზიუშხომ დამარცხება აღიარა.
ლიტერატურა
Куëк А. С. Мифические образы адыгского эпоса «Нартхэр» // Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002.